ინდოეთში არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე სიკვდილით დასჯა შემოიღეს
მსოფლიო

პრეზიდენტის რეზიდენცია
ფოტო: shutterstock.com
ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება დღეს დამტკიცდა. ინფორმაციას The Hindu ავრცელებს.
ეს ცვლილება სექსუალური ხასიათის დანაშაულებისგან ბავშვების დაცვის შესახებ კანონში შევიდა. ცვლილების თანახმად, მოძალადისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ზომა თავისუფლების 20 წლით აღკვეთაა, მაქსიმალური კი - თავისუფლების უვადო აღკვეთა, ან სიკვდილით დასჯა.
ამას გარდრა, გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს სულ მცირე 10 წლით გაუშვებენ ციხეში.
India TV-ს ინფორმაციით ეს საკანონმდებლო ცვლილება ბოლო დროს ბავშვების მიმართ სექსუალური ხასიათის რამდენიმე რეზონანსულმა დანაშაულმა გამოიწვია. ახალი სანქციის ასამოქმედებლად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
იანვარში ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში 8 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ის ერთი კვირის განმავლობაში ერთ-ერთ ინდუისტურ ტაძარში ჰყავდათ გამოკეტილი და აუპატიურებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილობრივი პოლიცია ბოროტმოქმედებს ხელს აფარებდა.
აპრილში კი ქალაქ სურატშიც ნახეს 9-11 წლის გოგოს ცხედარი. მას 86 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ბავშვის იდენტიფიკაცია ჯერაც ვერ ხერხდება. პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელობამდე მასაც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.





