ირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვა კვლავ ტრამპის დღის წესრიგშია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ირანთან ბირთვული შეთანხმებისას დაშვებული "უხეში შეცდომების" გამოსწორებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას axios-ი ავრცელებს.
"პრეზიდენტი ტრამპი მზადაა პარტნიორებთან მუშაობისთვის, განიხილოს ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რათა შეასწოროს მისი ყველა უხეში შეცდომა. თუ მე დამამტკიცებთ როგორც სახელმწიფო მდივანს, მაშინ ეს საქმე ჩემთვის პირადი პრიორიტეტი გახდება. ფსონები მაღალია ყველასთვის, განსაკუთრებით ირანისთვის, - განაცხადა პომპეომ.
ჯერ კიდევ გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მისი თქმით, ირანი არ ასრულებს გარიგების მოთხოვნებს, რის შესახებაც ის კონგრესს აცნობებს.
ირანის პრეზიდენტმა ტრამპის ბრალდებებს სისულელე უწოდა.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. მხოლოდ ტრამპი აცხადებდა, რომ გარიგებიდან გასვლას გეგმავს. გარიგების ყველა სხვა მონაწილე შეთანხმებაში რჩება.





