აშშ-ში Facebook-ისა და Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება, სოცქსელებში მომხმარებლების პირადი ინფორმაციის უკანონო გამოყენებას, რათა 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს გაემარჯვა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ი ბლოკავდა სოციალურ ქსელში ანალიტიკური კომპანია Cambridge Analytica-ს მუშაობას, რომელიც როგორც ვარაუდობენ, დონალდ ტრამპს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა. გარდა ამისა, სოცქსელი ბლოკავდა Cambridge Analytica-სთან დაკავშირებულ საკონსულტაციო ფირმას Strategic Communication Laboratories.
სკანდალის ცენტრალური ფიგურა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრ კოგანი გახდა, რომელმაც შეიმუშავა მობილურის აპლიკაცია This is your digital life ("ეს არის შენი ციფრული ცხოვრება).
კოგანის მიერ წარმოდგენილი აპლიკაცია, Facebook-ის პოსტების მიხედვით, მოხმარებლის პორტრეტებს ქმნიდა. გარდა ამისა, აპლიკაციას ჰქონდა წვდომა პირად მონაცემებზე და კონკრეტული ადამიანების ვირტუალურ სამეგობრო წრეზე.
Facebook-ის განცხადებაში წერია, რომ სოცქსელმა კოგანის მიერ Cambridge Analytica-სა და Strategic Communication Laboratories-სთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, ჯერ კიდევ 2015 წელს შეიტყო. მესამე პირისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა კი Facebook-ის პოლიტიკის დარღვევაა.
როდესაც Facebook-ში ინფორმაციის გადაცემის შესახებ გაიგეს, მათ კომპანიებისგან კოგანის მიერ მიწოდებული ცნობების წაშლა მოითხოვეს, რაზეც Cambridge Analytica და Strategic Communication Laboratories დათანხმდნენ.
სოციალურმა ქსელმა აღნიშნა, რომ ამჟამად შეთანხების დარღვევის შესახებ მონაცემებს დეტალურად სწავლობენ.





