დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს
მსოფლიო

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ფოტო: shutterstock.com
დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ცოტა ხნის წინ განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა.
საქმე შეეხება იმ პირებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვაში მუშაობენ.
"მათი გაძევებით წლების განმავლობაში განადგურებული იქნება დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვა", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ") მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აქამდე არსებული და ცნობილი ყველა ფაქტი ქმნის საფუძველს, რომ საქმეში რუსეთის ბრალეულობა გამოვლინდეს. ტრამპი გეგმავს, საქმე ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ტერეზა მეისთან განიხილოს, რათა სიტუაციაში გაერკვეს. მეიმ ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა.
13 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გავრცელა, რომლის შინაარსის თანახმად ვაშინგტონი სერგეი სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთის ვერსიას იზიარებს.
ოფიციალური ლონდონი რუსეთთან ყველა მაღალი დონის შეხვედრას აუქმებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოფილი ჯაშუშიშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.





