აშშ-ის სპეცპროკურორმა ტრამპის და მისი თანაშემწეების მიმოწერები გამოითხოვა
მსოფლიო

რობერტ მიულერი
ფოტო: Twitter
აშშ-ის სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს, დონალდ ტრამპის და მისი 9 მრჩევლის 2015 წლიდან მიმოწერები და დოკუმენტები მოითხოვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამომძიებლებს სურთ შეისწავლონ ყველა ბეჭდური და ელექტრონული წერილი, ასევე დოკუმენტები და სატელეფონო საუბრების მონაცემები, რომლებიც 2015 წლის 1 ნოემბრის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.
ამერიკელი სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ კრემლი აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერია,რათა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს.
ბრალდებულებს შორისაა რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევენ. პრიგოჟინს უკავშირებენ "ინტერნეტ-გამოძიებების სააგენტოს" - "ტროლების ფაბრიკას", რომლის თანამშრომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერ კომენტარებს წერენ.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.





