მაია სანდუ: ჩვენ ყველა ველით ეკონომიკურ ზრდას, ყველა ველით მთავრობისგან სასწაულებს ეკონომიკაში, მაგრამ აქაც სასწაულების მოლოდინი დიდად არ უნდა გვქონდეს
მსოფლიო

მაია სანდუ
AP
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, სრულიად ბუნებრივია, რომ ენერგორესურსებზე მაღალი ფასები და ცხოვრების გაძვირება მოქალაქეებისთვის მთავარ პრობლემად რჩება, პასუხისმგებლობას კი ისინი ხელისუფლებას აკისრებენ. ტელეკომპანია Jurnal TV-ის ეთერში სახელმწიფოს მეთაურმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 65%, ვინც ენერგოტარიფებს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ასახელებს, ამაში მთავრობას ადანაშაულებს.
სანდუმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოახლოებული ზამთარი რთული იქნება, ხელისუფლება კი კომპენსაციების მეშვეობით ფინანსური ტვირთის მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქებას შეძლებს.
„სრულიად ბუნებრივია, რომ ეს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ბუნებრივია ისიც, რომ ადამიანები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რადგან ისინი არ დაიწყებენ მაკროეკონომიკური გათვლების კეთებას იმის გასარკვევად, თუ რამდენად გაიზარდა ბაზარზე გაზისა და ელექტროენერგიის ფასები და როგორ აისახება ეს შემდგომ ჩვენს ეკონომიკაზე. გასაგებია, რომ მოქალაქეები გადაწყვეტილებებს მთავრობისგან ელიან. მთავრობას შეუძლია გასცეს კომპენსაციები, რომლებიც გარკვეულწილად შეამცირებს ამ ტვირთს, მაგრამ მისი სრულად მოხსნა შეუძლებელია. ჩვენ ყველა ველით ეკონომიკურ ზრდას, ყველა ველით მთავრობისგან სასწაულებს ეკონომიკაში, მაგრამ აქაც სასწაულების მოლოდინი დიდად არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა სანდუმ.
პრეზიდენტის აზრით, მოლდოვის ეკონომიკა მოიგებს, თუ უკრაინაში ომი დასრულდება და მეზობელი ქვეყნის აღდგენა დაიწყება. თუმცა, მანამდე მოლდოვის მცხოვრებლები ომის შედეგებს საკუთარ თავზე კვლავ იგრძნობენ.
„ვიცი, რომ ამის ყველას არ სჯერა ან არ ესმის. ძალიან ბევრი ადამიანი აღშფოთებულია იმით, რომ ომი ასეთ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკასა და, შესაბამისად, ცხოვრების პირობებზე, მაგრამ ასეთია რეალობა. მეც და მთავრობაც ვცდილობთ რესურსების მობილიზებას“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
მაია სანდუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონის ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარების გამო, მომავალი ზამთარი მარტივი არ იქნება.
„გავიმეორებ, ეს არ იქნება მარტივი ზამთარი, რადგან ვხედავთ, რა ხდება რეგიონში გაზისა და ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით. ეს სამწუხაროა, ვინაიდან, ერთი მხრივ, მოლდოვამ ენერგეტიკულ სექტორში ძალიან მასშტაბური რეფორმები გაატარა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე წინა 30 წელიწადში. მაგრამ იმის გამო, რომ მსოფლიო ფასები ძალიან მაღალია, მოქალაქეები ამ ცვლილებებს პოზიტიურად ვერ აღიქვამენ“, - დასძინა სანდუმ.





