ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

dpa/picture alliance
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა, ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო („გრუ“) ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. შესაბამისი განცხადება დიპლომატმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში გააკეთა.
მინისტრის თქმით, ვილნიუსის სურვილი, მიაღწიოს ამ გადაწყვეტილებას, არ უკავშირდება ევროკავშირის საბჭოში ლიეტუვის მომავალ თავმჯდომარეობას. ბუდრისი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა „ატერორებს ჩვენს [ევროპულ] საზოგადოებებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და სხვა კერძო მოქალაქეებს“.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ შეადარა, რომელიც ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად 2026 წლის დასაწყისში ცნო.
„ჩვენ რუსეთს ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი ქმედებები ჩვენ წინააღმდეგ აღარ არის უბრალოდ „ჰიბრიდული ომი“, არამედ უფრო „არაკონვენციური ომია“ და მსგავსი ნაბიჯებით სრულიად შესაძლებელია გადაილახოს ის ზღვარი, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს“, - განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა.





