ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგია
მსოფლიო

ანდრეი ბაბიში
ფოტო: Getty Images
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი მისი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, კერძოდ კი, უკრაინის მხარდაჭერის გამო.
პრემიერმა გააკრიტიკა ჩეხეთის რესპუბლიკისთვის დაფინანსების შემცირება და ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ხარჯები, ასევე, უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც უკვე მეხუთე წელია რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს.
შაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის მომავალი, 2028–2034 წლების შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების გადახედილი ჩარჩო წარადგინა. ის ითვალისწინებს ბიუჯეტის 204 მილიარდი ევროთი შემცირებას ევროკომისიის მიერ თავდაპირველად წარდგენილ გეგმასთან შედარებით, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ზედმეტად მძიმე ტვირთად მიიჩნევს.
ბაბიში, თავის მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ირლანდიის თავმჯდომარეობა ბიუჯეტის 32 მილიარდი ევროთი შემცირებას სთავაზობს.
„ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა მან და უარი თქვა ბიუჯეტიდან უკრაინის დასახმარებლად 100 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.
„რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ფული ევროპული ბიუჯეტიდან? უკრაინამ თანხა ევროპული ბიუჯეტის ფარგლებს გარეთ უნდა მიიღოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





