Associated Press: აშშ-მა ირანის ომზე 48 მილიარდი დოლარი დახარჯა
მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი
ფოტო: AP
ირანის ომის ხარჯებმა, 13 ნოემბრის მდგომარეობით, სავარაუდოდ, 48,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს თანხა არ მოიცავს ახლო აღმოსავლეთში ირანის თავდასხმების შედეგად აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის მიყენებულ ზარალს, იუწყება Associated Press-ი.
სააგენტოს ცნობით, კონგრესის წევრები პენტაგონს ამ მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
პენტაგონის საბიუჯეტო საკითხების წარმომადგენელმა არტურ მილერმა, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ომის ხარჯების განახლებული შეფასება წარუდგინა.
კომიტეტი ამჟამად განიხილავს მის კანდიდატურას საზღვაო ძალების ფინანსური ზედამხედველის თანამდებობაზე. 48,3 მილიარდი დოლარი მოიცავს როგორც სამხედრო ოპერაციების, ისე დაზიანებული აღჭურვილობისა და გამოყენებული საბრძოლო მასალის ჩანაცვლების ხარჯებს.
სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა, რომელიც კონექტიკუტის შტატს წარმოადგენს, მილერს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებისთვის მიყენებული ზარალის შეფასება მოსთხოვა. მილერმა განაცხადა, რომ შესაბამისი მონაცემები არ ჰქონდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მისისიპის შტატის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა როჯერ უიკერმა, მას დაავალა პასუხის წარდგენა რაც შეიძლება მალე სცადოს.
Associated Press-ის ანალიზის თანახმად, ირანმა იერიში მიიტანა თვითმფრინავების ანგარებზე, მოახლოებული დარტყმების აღმომჩენ სისტემებზე, საწყობებზე, სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ შენობებსა და სხვა ობიექტებზე, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.
ომის ფინანსური ღირებულება კონგრესში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. ხარჯებთან დაკავშირებული დებატები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კანონმდებლებს, თავდაცვის ბიუჯეტის 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის დამტკიცებისკენ მოუწოდა.
ირანის არაპოპულარულმა ომმა და მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მძიმე მარცხს შეუწყო ხელი. კონფლიქტის ფინანსური მხარე კიდევ უფრო მწვავე განხილვის საგანი გახდება მას შემდეგ, რაც იანვარში კონგრესზე კონტროლს „დემოკრატები“ გადაიბარებენ. ისინი ამ პოზიციას ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნებენ, წერს სააგენტო.
„დემოკრატი“ კანონმდებლები პენტაგონს სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ, გაასაჯაროოს ირანის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ბაზებისთვის მიყენებული ზარალის შეფასება.




