POLITICO: უკრაინას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს - ლე პენის ან მელანშონის გამარჯვებამ შესაძლოა, კიევის მხარდაჭერა შეასუსტოს
მსოფლიო

ფოტო: POLITICO
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები პოპულისტ კანდიდატებს შორის დაპირისპირებად ყალიბდება, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლამ შესაძლოა, უკრაინის მიმართ პარიზის მტკიცე მხარდაჭერა შეასუსტოს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები სულ უფრო მეტად მიუთითებს, რომ მომავალ გაზაფხულზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი და ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი შეიძლება გავიდნენ. ორივე მათგანი ნატოს კრიტიკოსია და მათ პოლიტიკური ოპონენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით, კრემლის გზავნილების გამეორებაში ადანაშაულებენ.
მარინ ლე პენი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის ადგილის საკითხზე დავობს, არაერთხელ აცხადებდა, რომ საფრანგეთის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ქვეყანას კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევა აღარ შეუძლია.
ჟან-ლუკ მელანშონი კი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას ეწინააღმდეგება. მას მწვავე კრიტიკა მოჰყვა დონბასში რეფერენდუმის ჩატარების მხარდაჭერის გამოც, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო იმის გარკვევა, სურდა თუ არა ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის ან უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა. კრიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მიერ დიდწილად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი კენჭისყრის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
„ბევრი ადამიანი ძალიან ყურადღებით აკვირდება [საფრანგეთის] საარჩევნო კამპანიასა და კანდიდატების პოზიციებს, რადგან არჩევნების შედეგმა შესაძლოა უდიდესი გავლენა მოახდინოს მთელი ჩვენი ალიანსისა და ევროპის უსაფრთხოების მომავალზე“, - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიხელსონმა. მის შეშფოთებას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების დედაქალაქებიც იზიარებენ.
პარიზის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევდა. საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს და ის უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ თანათავმჯდომარეა. კოალიციის წარმომადგენლები ხუთშაბათს ბერლინში შეიკრიბნენ, რათა კიევისთვის ევროპული მხარდაჭერის საკითხი განეხილათ. შეხვედრაში ტელეფონით მონაწილეობდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროპელი ლიდერების მიერ გაწეული ხარჯები მკაცრად დააყენა ეჭვქვეშ.
პარიზი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების პროცესში. ამ ფლოტს რუსული ნავთობი ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით გადააქვს.
როგორც ჩანს, უკრაინისთვის სამომავლო ფინანსური დახმარების შესაძლო ცვლილებებისგან დასაცავად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ცდილობს, უკრაინის დაფინანსების გრძელვადიანი მექანიზმი ევროკავშირის მომდევნო მრავალწლიან ბიუჯეტში გაითვალისწინოს. მისი წინადადებით, ამ საკითხზე მომავალში გადაწყვეტილებების მისაღებად ერთსულოვნება აღარ იქნება საჭირო და საკმარისი გახდება კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა, წერს გამოცემა.
ევროპისა და უკრაინის რვა დეპუტატსა და დიპლომატს შორის, რომლებსაც POLITICO ესაუბრა, დაახლოებით ნახევარი იზიარებს ესტონელი პოლიტიკოსის შეშფოთებას. მათი აზრით, მარინ ლე პენის ან ჟან-ლუკ მელანშონის პრეზიდენტობამ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ერთიანი პოზიცია შეასუსტოს. დანარჩენები კი მიიჩნევენ, რომ არჩევის შემთხვევაში ორივე კანდიდატი უკრაინის მიმართ ევროპის საერთო პოლიტიკურ კურსს დაექვემდებარება.
ლე პენი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკრაინის დამშვიდებას ცდილობს. ამ კვირის დასაწყისში ის საფრანგეთში უკრაინის ელჩს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მელანშონი კი აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის ინტერესებს იცავს.
რისკებს ამცირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან, ვისაც ფრანგი ხალხი აირჩევს. საბოლოო ჯამში, ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს და არა მხოლოდ ერთს“, - განუცხადა მან POLITICO-ს გასულ კვირას ჟურნალისტების მცირე ჯგუფთან შეხვედრისას.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოცულობით საფრანგეთი შვედეთსა და გერმანიას ჩამორჩება. თუმცა, როგორც სამმა ევროპელმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, მაკრონის მთავარი წვლილი მტკიცე პოლიტიკური ლიდერობაა, რომლის დაკარგვის საფრთხეც ლე პენის ან მელანშონის პრეზიდენტობის შემთხვევაში არსებობს.
უკრაინის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეფასებით, ყველაზე დიდი რისკი საფრანგეთის ვალდებულებებს უკავშირდება „მსურველთა კოალიციის“, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირის სამომავლო დაფინანსების მიმართულებით.
„ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით, [საფრანგეთი] არასდროს არის პირველ ათეულში. თუმცა, ევროპაში კონსენსუსის დაშლის თვალსაზრისით, ეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევა იქნება“, - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.




