პოლონეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დაუდგენელმა საჰაერო ობიექტებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
მსოფლიო
ფოტო: X
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაუდგენელმა საჰაერო ობიექტებმა დაარღვიეს.
„პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დაუდგენელი საჰაერო ობიექტების მიერ შესაძლო დარღვევის ეჭვის გამო, სამთავრობო უსაფრთხოების ცენტრს საჰაერო საფრთხის შესახებ ინფორმაცია გადაეცა.
ამჟამად მიმდინარეობს შემოწმება, რომლის მიზანია რადიოლოკაციური სისტემების მონაცემების სისწორის დადასტურება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის აღსაკვეთად შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნულია ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედროები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების განცხადებებსა და მითითებებს.
“დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი სრულად გადამოწმდება და დადასტურდება. გთხოვთ, გამოიჩინოთ მოთმინება და თვალი ადევნოთ შემდგომ განცხადებებს“, - დასძინეს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში.





