მარკო რუბიო: მარქსის იდეები კვლავ ცოცხალია და თანამედროვე რადიკალები ერებს შორის განსხვავებების წაშლას ცდილობენ
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა საბჭოთა კომუნიზმის ინსტიტუტი დაამარცხა, მარქსის იდეები არ გამქრალა და დღეს ახალი ფორმებით ვლინდება.
მისი თქმით, თანამედროვე რადიკალები ცდილობენ, ეროვნული ნება მსოფლიო კონსენსუსს დაუქვემდებარონ და ერებს შორის განსხვავებები გააქრონ.
„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნიზმის ინსტიტუტი დავამარცხეთ, მარქსის სულისკვეთებაზე გამარჯვება არ მოგვისხამს. მარქსის ეს სულისკვეთება კვლავ ცოცხალია. ის დღეს ახალი ფორმებითა და დოქტრინებით ვლინდება, რომლებიც ეროვნულ ნებას მსოფლიოს საერთო, იძულებით კონსენსუსს უქვემდებარებს. მარქსიზმი ადამიანებს შორის განსხვავებების გაუქმებას ისახავდა მიზნად. ჩვენი დროის რადიკალები კი თავად ერებს შორის განსხვავებების წაშლას ცდილობენ“, - განაცხადა რუბიომ ფედერალისტური საზოგადოების ეროვნული იურისტთა კონვენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, თანამედროვე ეპოქის მთავარი კითხვაა, აქვთ თუ არა ამერიკელებს მორალური უფლება, არსებობდნენ როგორც დამოუკიდებელი ერი და ხალხი და მოითხოვონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც უპირველეს ყოვლისა მათი ინტერესების დაცვასა და გატარებაზე იქნება ორიენტირებული.
რუბიოს განცხადებით, ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ამერიკა „მოპარულ მიწაზე“ არსებობს და ქვეყანა მონობის, გენოციდისა და ჩაგვრის საფუძველზე შეიქმნა, ფაქტობრივად უარყოფენ ამერიკელების, როგორც დამოუკიდებელი ერის არსებობის მორალურ უფლებას.
„მათ სურთ გვაფიქრებინონ, რომ ამერიკას და, უფრო ფართოდ, დასავლეთს განსაკუთრებული ისტორიული დანაშაულის ტვირთი აწევს, რომლის გამოსყიდვაც მხოლოდ სრული დათმობით შეგვიძლია - საზღვრების გახსნით, საკუთარ კანონებზე უარის თქმით, მსოფლიოდან უკან დახევით და მათთვის ჩვენი საზოგადოების საკუთარი შეხედულებების მიხედვით გარდაქმნის შესაძლებლობის მიცემით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.





