პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მარეგულირებელ ორგანოებს ონლაინ მასალების დაბლოკვის უფლებას სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე აძლევდა
მსოფლიო

კაროლ ნავროცკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მარეგულირებელ ორგანოებს ონლაინ მასალების დაბლოკვის უფლებას სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე აძლევდა.
საქმე ეხება უკანონო მასალებს, მათ შორის დანაშაულებრივი მუქარისა და ძალადობისკენ წაქეზების შემცველ პუბლიკაციებს.
კანონპროექტი პოლონეთის სეიმმა ოქტომბერში მიიღო. მისი მიხედვით, მარეგულირებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში იქნებოდა შესაძლებელი.
„კვლავ გაჩნდა საფრთხე, რომ თანამდებობის პირი ცენზორის როლს მოირგებს და თავად გადაწყვეტს, რა არის ინტერნეტსივრცეში დაშვებული და რა აკრძალული. თანამდებობის პირის კომპეტენციაში არ შედის იმის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული შინაარსის მასალა დანაშაულს. ეს სასამართლო ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი მოსამართლეების პრეროგატივაა. ამიტომ გადავწყვიტე ვეტო დავადო საკამათო კანონს ელექტრონული საშუალებებით მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის იმპლემენტაციას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ნავროცკიმ ვიდეომიმართვის დროს.





