ფაშინიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში რუსეთს სამჯერ ეწვევა
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: Getty Images
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში რუსეთში სამ სამუშაო ვიზიტს გამართავს.
„რუსეთში მოლაპარაკებებისთვის 3, 11 და 22 დეკემბერს ჩავალ და იმედი მაქვს, შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობებში მეგობრული ატმოსფერო შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან ერთად, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი.
„სომხეთის მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო და კვლავაც არის სომხეთის მოქალაქეებისთვის ალტერნატივის შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა წარმოდგენა, რომ სომხეთს ალტერნატივა არ ჰქონდა. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმაც კი საჯაროდ განაცხადა, რომ სომხეთს წასასვლელი არსად აქვს, გარდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა. ამ განცხადებამ გარკვეული პოლიტიკური პროცესები გამოიწვია“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია სომხეთი 20 წლის შემდეგ, ფაშინიანმა უპასუხა „სომხეთს ევროკავშირის შემადგენლობაში ვხედავ“.





