ნიუ ორლეანში ტანკერი სამგზავრო გემს შეეჯახა. დაშავდა 32 ადამიანი
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ნიუ ორლეანში, მდინარე მისისიპიზე ტანკერი სამგზავრო გემს შეეჯახა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეჯახების შედეგად მდიდრული სამგზავრო გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა. მგზავრები გემიდან გადმოსვლას ცდილობდნენ, ათობით ადამიანი კი წყალში აღმოჩნდა.
ნიუ ორლეანის მერის ჰელენა მორენოს განცხადებით, შემთხვევის შედეგად გემზე მყოფი ყველა ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდა. ნავსადგურის თანამშრომლებმა, მეხანძრეებმა და თვითმხილველებმა წყალში ჩავარდნილი მგზავრების გადარჩენა შეძლეს.
მერმა მომხდარს „სასწაული მისისიპიზე“ უწოდა. მისი ინფორმაციით, კომპანია American Cruise Lines-ის კუთვნილი სამგზავრო გემის, American Heritage-ის 32 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა არცერთ მათგანს კრიტიკული დაზიანება არ მიუღია.
მორენოს თქმით, შემთხვევის დროს გემზე დაახლოებით 180-190 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. American Cruise Lines-ის ვებგვერდის თანახმად, 2015 წელს აშენებულ გემზე 150 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი.
მერის ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით შუადღისას მოხდა. ტანკერმა Atlantic Asphalt-მა მართვა დაკარგა და ნაპირთან გაჩერებულ სამგზავრო გემს შეეჯახა.
მგზავრების ევაკუაციის დაწყების შემდეგ გემმა ჩაძირვა დაიწყო, საბოლოოდ კი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადამიანები მდინარეში აღმოჩნდნენ.
გამოცემა New Orleans Advocate-ისა და Times-Picayune-ის ერთობლივი საინფორმაციო პლატფორმის ცნობით, გემის გადაბრუნებამდე American Heritage-იდან დაახლოებით 87-მა მგზავრმა მოახერხა გადმოსვლა.
ჰელენა მორენომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი, შტატისა და ფედერალური სამსახურების, ასევე სხვა გემების ეკიპაჟების სწრაფმა რეაგირებამ მსხვერპლის თავიდან აცილება უზრუნველყო.





