Financial Times: რუმინეთი აშშ-ს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებისთვის თანხის გადახდას სთავაზობს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა აშშ-ს შესთავაზა, ვაშინგტონს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ინიციატივა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის დრონების შეჭრის ფონზე და ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების პარალელურად გაჩნდა.
გამოცემასთან ინტერვიუში დანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკვე წარუდგინა კონკრეტული წინადადებები ამერიკელი სამხედროების განთავსებასთან და ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით. მისი ინიციატივა პოლონეთის შეთავაზების მსგავსია. ვარშავამ სექტემბერში აშშ-ს შესთავაზა, დაგეგმილ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც „ფორტ ტრამპი“ ეწოდება, განთავსებული თითოეული ამერიკელი სამხედროსთვის წელიწადში 15 000 დოლარი გადაეხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში მეტი ამერიკელი სამხედრო და უფრო მეტი ლეტალური შესაძლებლობის მქონე შეიარაღება იყოს“, - განაცხადა დანმა.
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 1 172 სამხედროს შეადგენს, მაშინ როდესაც მანამდე მათი რაოდენობა 1 700 იყო. ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ ბუქარესტი შესაძლოა პოლონეთის შეთავაზების მსგავსი თანხის გადახდას განიხილავდეს.
დანმა ეს წინადადება აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ელბრიჯ კოლბის რამდენიმე დღის წინ წარუდგინა, როდესაც ის პოლონეთსა და რუმინეთს სტუმრობდა. ეს ორი ქვეყანა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოსახლეობის რაოდენობით უმსხვილესია. კოლბის ვიზიტის მიზანი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შეფასება იყო.
როგორც Financial Times-ი იუწყება, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვის დეპარტამენტი არაერთხელ დაიმუქრა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი შემცირებით.
დანმა აღნიშნა, რომ რუმინეთს პოლონეთის „ძალიან, ძალიან მსგავსი საგარეო პოლიტიკა“ აქვს და ორივე ქვეყანა რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას იკავებს.
„ჩვენ გვესმის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე და ისიც, თუ როგორ უქმნის უკრაინაში ომი საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომმა შავი ზღვის რეგიონში მდებარე რუმინეთზეც მოახდინა გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონები არაერთხელ ჩამოვარდა, ხოლო რუმინეთის სანაპიროსთან კომერციული გემებიც დაზიანდა.
„რუსეთი ცდილობს, შეცვალოს იმ ევროპული ქვეყნების განწყობა, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ“, - განაცხადა დანმა.
მისივე თქმით, რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრის შემთხვევების შემდეგ ქვეყანამ დახმარება მიიღო და ახლა საჰაერო თავდასხმებისგან გაცილებით უკეთ არის დაცული. პრეზიდენტის განცხადებით, ბუქარესტი მსგავს მიდგომას შავ ზღვაზეც გეგმავს - გააძლიერებს სამხედრო აღჭურვილობას და თავდაცვის მზადყოფნას, თუმცა ესკალაციის გარეშე.





