POLITICO: ისრაელში არჩევნების შემდეგ ვაშინგტონს ნეთანიაჰუ მობეზრდა
მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ფოტო: Getty Images
ისრაელის არჩევნებში პოლიტიკური ჩიხის ჩამოყალიბებამ ვაშინგტონში გააქრო იმედი, რომ აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობების სწრაფი გადატვირთვა შესაძლებელი იქნებოდა. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორც „დემოკრატიულ“, ისე „რესპუბლიკურ“ პარტიებში, სულ უფრო მეტად დაიძაბა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნეთანიაჰუს ღიად უჭერს მხარს, თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი იმედოვნებდა, რომ ისრაელის ოპოზიცია გაიმარჯვებდა და ნეთანიაჰუს პოლიტიკის შედეგად გაუარესებული ურთიერთობების გამოსწორებას დაიწყებდა.
„ეს იქნებოდა შესაძლებლობა, შეგვეჩერებინა მდგომარეობის გაუარესება და ისრაელი უფრო ნაკლებად პროვოკაციული მეთოდებით გვემართა“, - განუცხადა POLITICO-ს ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში არსებული განწყობების შეფასებისას. „აქ ნეთანიაჰუს მიმართ დაღლილობა იგრძნობა“.
ვაშინგტონში ნეთანიაჰუს მთავრობის კრიტიკოსები პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ნაწილში არიან წარმოდგენილი. მათ შორის არიან „დემოკრატები“, როგორც ზომიერი, ისე პროგრესული ფრთის წარმომადგენლები, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელეები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მოძრაობა MAGA-ს მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც აშშ-ის უცხოურ ომებში ჩართვას ეწინააღმდეგება.
მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს კონგრესში მოკავშირეებიც ჰყავს, მათ შორის სენატის ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ტედ კრუზი და „დემოკრატი“ სენატორი ჯონ ფეტერმანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ კრიტიკა სულ უფრო ხშირად ისმის.
„დემოკრატმა“ სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომიდან აშშ-ის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.
„თუ ის ხელახლა აირჩევა, ტრამპზე კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და ირანში რეჟიმის შეცვლის პოლიტიკის გაგრძელებას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა მერფიმ.
ხუთშაბათისთვის ხმების ნაწილობრივი დათვლის შედეგებით, ვერც ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირეებმა და ვერც ოპოზიციის ლიდერის გადი აიზენკოტის პარტია „იაშარმა“ და მისმა ბლოკმა ვერ მოიპოვეს 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობისთვის საკმარისი მანდატები.
შედეგად, ისრაელში მთავრობის ფორმირების პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. თუ პოლიტიკურ ძალებს კოალიციის შექმნა არ გამოუვათ, ქვეყანაში შესაძლოა ვადამდელი არჩევნების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართოს.
ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში მომავალ კვირას დაგეგმილი შუალედური არჩევნების დროს ისრაელში გადაწყვეტილებების მიმღებად კვლავ ნეთანიაჰუ დარჩება და მან შესაძლოა ძალაუფლება ამის შემდეგაც დიდი ხნით შეინარჩუნოს, წერს გამოცემა.





