AXIOS: უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეზღუდვამ, ევროპას ილონ მასკის ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
უკრაინაში Starlink-ის სერვისის შეზღუდვამ, რომელმაც დროებით შეაფერხა უკრაინული დრონების გამოყენება, ევროპასა და აშშ-ში სამხედრო კომუნიკაციების ერთი კერძო კომპანიის კონტროლზე დამოკიდებულების საკითხი აქტუალური გახადა. SpaceX-ის კონკურენტი კომპანიები ცდილობენ, ევროპულ ქვეყნებს სატელიტური კავშირის ალტერნატივები შესთავაზონ, იუწყება AXIOS-ი.
როგორც გამოცემა იუწყება, ინციდენტმა აჩვენა, რამდენად მოწყვლადი შეიძლება აღმოჩნდეს სამხედრო ძალა, როდესაც მის საკომუნიკაციო სისტემებზე წვდომა ერთი კომპანიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ილონ მასკის კომპანია SpaceX, რომელიც Starlink-ს ფლობს, სატელიტური კავშირის სფეროში მსოფლიოში ლიდერია. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, American Enterprise Institute-ის მონაცემებით, მის ქსელში 11 000-ზე მეტი თანამგზავრია. მეორე ადგილზე საფრანგეთში დაფუძნებული სატელიტური კავშირის კომპანია Eutelsat-ია, რომლის OneWeb-ის ქსელშიც 600-ზე მეტი თანამგზავრია.
მიმდინარე ზაფხულს Starlink-მა განაცხადა, რომ მის მომსახურებას 160-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე 12 მილიონი მომხმარებელი იყენებდა. SpaceX-ის მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, ევროპულ ქვეყნებს უჭირთ მასკის კომპანიისგან დამოუკიდებელი საკომუნიკაციო შესაძლებლობების შექმნა.
თუმცა, Starlink-ის ალტერნატივების შეთავაზებას ახლა აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოქმედი კომპანიები უფრო აქტიურად ცდილობენ.
გასულ კვირას ფინურმა კომპანიებმა ICEYE-მ და Nokia-მ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება გამოაცხადეს, რომელიც „სუვერენული სატელიტური კომუნიკაციების“ შესაძლებლობების შესწავლას ითვალისწინებს. ICEYE-ს წარმომადგენლის განცხადებით, პირველი თანამგზავრების გაშვება 2028 წლისთვის იგეგმება, წერს გამოცემა.
„საიმედო სატელიტური კომუნიკაციების საჭიროება წლების განმავლობაში აშკარა იყო, განსაკუთრებით ევროპაში“, - განუცხადა ICEYE-ს წარმომადგენელმა AXIOS-ს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ თანამედროვე ომმა აჩვენა, საიმედო კომუნიკაციები ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
„ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმ შესაძლებლობებზე, რომელთა კონტროლიც თავად შეგვიძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





