Brussels Signal: ჯორჯ სოროსის ფონდები საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდნენ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ Open Society Foundations-ს საფრანგეთში ოქტომბრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ შვიდ ორგანიზაციასთან ფინანსური ან ინსტიტუციური კავშირები აქვს. ინფორმაციას Brussels Signal-ი ესპანურ გაზეთ La Gaceta-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Brussels Signal-ის ცნობით, La Gaceta-მ შვიდი ორგანიზაცია გამოავლინა, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში Open Society Foundations-გან დაფინანსება მიუღიათ ან ამ ფონდებთან სხვა სახის კავშირი ჰქონდათ. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც საფრანგეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, სტუდენტების მოთხოვნების მხარდაჭერასა თუ პოლიციის მოქმედებების კრიტიკაში მონაწილეობდნენ.
სტატია გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც Fox News Digital-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში დაწყებულ არეულობებთან კავშირი 13 ქვეყანაში მოქმედ 101 ორგანიზაციას ჰქონდა. თუმცა, ამ გამოძიებაში დაფინანსების წყაროები დასახელებული არ ყოფილა და ჯორჯ სოროსიც ნახსენები არ ყოფილა.
ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია „საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგა“ - Ligue des droits de l’Homme. Open Society Foundations-ის საჯარო მონაცემების მიხედვით, ორგანიზაციამ 2016 წელს 82 538 დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წელს ორი გრანტის სახით - დამატებით 300 184 დოლარი.
ფინანსური მხარდაჭერა პოლიციის პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების კამპანიასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მუშაობას უკავშირდებოდა. „საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგამ“ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სტუდენტებს დაუჭირა მხარი და პოლიციის მოქმედებები გააკრიტიკა.
Open Society Foundations-ს მსგავსი ბრალდებები წარსულშიც უარუყვია და განუცხადებია, რომ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს არც მხარს უჭერს და არც აფინანსებს. ფონდის საფრანგეთის საქმიანობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტშიც ადამიანის უფლებათა ლიგა იმ ორგანიზაციებს შორისაა დასახელებული, რომლებსაც ის ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან, 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ეხმარებოდა.
როგორც Brussels Signal-ი წერს, საფრანგეთში საპროტესტო აქციები ცხოვრების გაძვირების, საწვავის ფასებისა და სკოლების დაფინანსების საკითხებს უკავშირდებოდა. Brussels Signal-ის ცნობით, 17 ოქტომბრის აქციებზე დაახლოებით 550 000 ადამიანი გამოვიდა. თითქმის 2 400 ადამიანი დააკავეს, დაახლოებით 1 000 პოლიციელი და ჟანდარმი კი დაშავდა.
ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიმოჟის ისტორიული მერიის შენობა ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა. გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მემარცხენე აქტივისტიც დააკავეს. რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, საფრანგეთის მთავრობამ კი განაცხადა, რომ ძარცვისთვის მსჯავრდებულ პირებს სოციალური დახმარება შეუმცირდებათ.
აქციების ორგანიზატორებმა საპროტესტო მობილიზაციის გაგრძელების შესახებაც განაცხადეს. 24 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე ეტაპისთვის, სახელწოდებით „აქტი II“, 212 საპროტესტო ღონისძიება იყო გათვალისწინებული, ხოლო მორიგი აქცია 31 ოქტომბერს დაიგეგმა.





