Rapporteur: გერმანია და კიდევ სამი ქვეყანა კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების იდეას ეწინააღმდეგებიან
მსოფლიო

მარკ კარნი
ფოტო: Getty Images
გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა ევროკავშირისა და კანადის ერთობლივი განცხადების პროექტი დაბლოკეს, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნისთვის ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების იდეა იყო შეთავაზებული. ინფორმაციას Rapporteur-ი ავრცელებს.
შედეგად, როგორც წერს გამოცემა, დოკუმენტის ტექსტის გადამუშავება გახდა საჭირო.
როგორც Rapporteur-ი იუწყება, განცხადება სამშაბათს დილით, წევრი ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში, ავტომატურად უნდა დამტკიცებულიყო. თუმცა ოთხი ქვეყნის პროტესტმა პროცესი შეაჩერა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ასოცირებული წევრობის“ კონცეფცია პირველად სექტემბერში გააჟღერა. მას შემდეგ ეს საკითხი მონრეალში დაგეგმილი ევროკავშირისა და კანადის სამიტის წინ ერთ-ერთ ყველაზე სადავო თემად იქცა. ბრიუსელსა და ოტავაში ამ დრომდე არ არის ნათელი, კონკრეტულად რა უფლებებსა და ვალდებულებებს გულისხმობს ასეთი სტატუსი.
ტერმინის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი მოწინააღმდეგე გერმანიაა. დიპლომატების ინფორმაციით, ოთხმა ქვეყანამ განცხადების პროექტზე შენიშვნები ევროკავშირის ე.წ. „დუმილის პროცედურის“ დასრულებამდე წარადგინა. ამ მექანიზმის თანახმად, დოკუმენტი ავტომატურად მტკიცდება, თუ წევრი ქვეყანა დადგენილ ვადაში წინააღმდეგობას არ გამოთქვამს.
წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების დაახლოების მცდელობის შემდეგ გავრცელებულ პროექტში საუბარი იყო ევროკომისიის მიერ შეთავაზებული „ასოცირებული წევრის“ კონცეფციის განსაზღვრაზე. დიპლომატების თქმით, ამ ფორმულირებით სტატუსის იდეაზე პასუხისმგებლობა კვლავ ევროკომისიას ეკისრებოდა, მაშინ როდესაც წევრი ქვეყნები ცდილობდნენ, თავი დაეღწიათ ამ საკითხზე არსებული შიდა უთანხმოებისთვის.
იდეამ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკმაყოფილებაც გამოიწვია. სექტემბერში მან ინიციატივას „სასაცილო“ უწოდა და ევროკავშირს „ძალიან მძიმე ტარიფების“ დაწესებით დაემუქრა. ტრამპმა ეს ნაბიჯი მტრულ აქტად შეაფასა.





