იტალიის თავდაცვის მინისტრი: მილანში მომხდარი არეულობა ჰიბრიდული ომის შედეგია
მსოფლიო

გვიდო კროზეტო
ფოტო: Getty Images
იტალიის თავდაცვის მინისტრის გვიდო კროზეტოს განცხადებით, მილანსა და იტალიის სხვა ქალაქებში მომხდარი არეულობა ე.წ. ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის წარმოებისთვისაც მოწინააღმდეგეები არატრადიციულ საშუალებებს, მათ შორის სოციალურ ქსელებს, იყენებენ.
„მილანსა და იტალიის სხვა ნაწილებში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც წარსულში გვინახავს. ეს იმ პროცესის შედეგია, რომელსაც მე ჰიბრიდულ ომს ვუწოდებ. ვიღაც ჩვენს ქვეყნებში მის წარმოებას არატრადიციული საშუალებებით ცდილობს, ისეთი პლატფორმების გამოყენებით, როგორიცაა TikTok, სოციალური ქსელები და YouTube. დასავლეთი კი, ამას სათანადოდ ვერ აცნობიერებს და გარკვეულწილად ვერც რეაგირებს“, - განაცხადა კროზეტომ რომში, თავდაცვის სფეროში შესყიდვების ფორუმზე გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, არეულობაში ახალგაზრდების მონაწილეობა და ამ მოვლენების მიმართ მხარდაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში მათზე გავლენას ახდენდა ალტერნატიული აღზრდა და შეხედულებების ჩამოყალიბების პროცესი.





