ილონ მასკი: Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მათ მიერვე კონტროლდება - სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება და, საბოლოო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტი იღებს
მსოფლიო

ილონ მასკი
Reuters
SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი უკრაინაში Starshield-ისა და Starlink-ის სისტემების მუშაობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამ ტექნოლოგიების შეზღუდვაზე.
„Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მათ მიერვე კონტროლდება. სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება და, საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი იღებს. Starlink-ი არის კომერციული სერვისი, რომელიც SpaceX-ის მფლობელობაშია და მის მიერვე კონტროლდება. Starlink-ის გამოყენება შეზღუდულია მხოლოდ სამოქალაქო ან თავდაცვითი საქმიანობით და მისი გამოყენება შეტევითი სამხედრო მოქმედებებისთვის დაუშვებელია, რადგან ეს შეუსაბამო იქნება კომერციული კომპანიისთვის“, - აღნიშნა მან.





