ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინას სასიცოცხლოდ ესაჭიროება მაღალი ხარისხის Starlink-ის თანამგზავრული კავშირი, მის გარეშე რთულია ადამიანების დაცვა რუსული თავდასხმებისგან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ პირს მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ილონ მასკის კომპანიის მხრიდან უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„თუ Starlink-ის სიჩქარის დაკარგვასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვხვდებით, რაც ხდება. ესე იგი, მათ ის გამორთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ილონ მასკს მიმართა და ეს ქმედებები არასწორად შეაფასა.
„ეს დიდი შეცდომაა. უამრავი დანაკარგი. ეს გადაწყვეტილება ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს. რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღუპებიან. თუ თავდასხმები გაგრძელდება და Starlink-ი არ იმუშავებს, აუცილებლად. ვგულისხმობ, რომ ეს არ არის დამხმარე ფაქტორი“, - აღნიშნა მან.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომაა და მოითხოვა, რომ თანამგზავრულ კავშირს სრული სიმძლავრე დაუბრუნდეს.
„აბსოლუტურად, ვიმედოვნებ, რომ ეს შეცდომაა. შესაძლოა, უზარმაზარი ტექნიკური პრობლემაა, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ მის ჩართვას და ვფიქრობ, ასეც იქნება“, - დააკონკრეტა მან.





