ზელენსკი: აშშ-მა უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა დაზვერვის მონაცემების გაზიარება შეწყვიტოს
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: NPR
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კიევი გააფრთხილა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული ძალების შორი მანძილზე მოქმედი დრონებით თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეწყვიტოს.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ NPR-თან ინტერვიუში გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების შესახებ საწვავის ფასებს ვერ შეამცირებს. ზელენსკიმ ასევე უარყო ტრამპის განცხადება, თითქოს აშშ-ში დიზელის გაძვირებაზე პასუხისმგებელი უკრაინაა, და აღნიშნა, რომ ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ირანში მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაა.
„მსოფლიოში ადამიანების უმეტესობამ იცის, რატომ გაიზარდა ენერგორესურსების, მათ შორის დიზელის, ფასები. რატომ გაძვირდა? ჰორმუზის გამო. დიახ, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული ზავის შესახებ ტრამპის განცხადების შესახებ მან თავადაც სოციალური ქსელით შეიტყო.
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვს კვირას ენერგეტიკული ზავის შესახებ ჰკითხეს. მისი თქმით, მხარეებს შორის კონტაქტები გრძელდება.
NPR-თან საუბრისას ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ობიექტებს იმისთვის უტევს, რომ კრემლს ომის გაგრძელების შესაძლებლობა შეუზღუდოს. მისი თქმით, უკრაინას ომის დასრულება სურს, თუმცა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს არ შეწყვეტს, ვიდრე მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეაჩერებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი დიპლომატიას არ პასუხობს და მხოლოდ ძალის ენა ესმის.
ამავდროულად, საწვავის მაღალი ფასები აშშ-ში მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხად რჩება, განსაკუთრებით მომდევნო თვეში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი გალონზე 6,27 დოლარს შეადგენს. ეს ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება. მაშინ დიზელის გალონი 3,65 დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა.
ზელენსკის თქმით, რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების დროებით შემსუბუქება აშშ-ში საწვავის ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„დარწმუნებული ვარ, შეერთებულ შტატებში ფასებზე ეს გავლენას არ მოახდენს, რადგან მოცულობა საკმარისი არ არის“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად კიევს კი არა, მოსკოვს ექნება მეტი ფინანსური რესურსი ომის გასაგრძელებლად.





