ზელენსკის განცხადებით, უკრაინას კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შესახებ პარტნიორებისგან სადაზვერვო ინფორმაციას არ მიუღია
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ გვიან ღამით კიევზე მოსალოდნელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია პარტნიორებისგან არ მიუღია.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იმის გამო, რომ კიევი მოსალოდნელი დარტყმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, საჰაერო განგაში დროულად ვერ გამოცხადდა.
„კიევზე ბალისტიკური რაკეტებით საკმაოდ ვერაგი დარტყმა განხორციელდა. ხუთი რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მოხვდა. სამწუხაროდ, ამ დარტყმის შესახებ პარტნიორებისგან წინასწარი გაფრთხილება არ მიგვიღია. რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს და ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია. სწორედ ასეთი გაფრთხილებები გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ადამიანების დახოცვა“, - დაწერა ზელენსკიმ.
ამასთან ერთად, როგორც DW იუწყება, უკრაინელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დაემუქრა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას შეწყვეტს, თუ კიევი რუსეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს.





