ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
მსოფლიო

ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი ასეთ ზავს დათანხმდება, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება. პრეზიდენტმა ტრამპმა ამის შესახებ პუტინთან შეთანხმებას თუ მიაღწია, გთხოვთ, შეგვატყობინოთ, როდის დაიწყება ზავი. ჩვენ მზად ვართ და მას მივიღებთ. უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს. უკრაინა მზადაა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას და ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთიც ანალოგიურ მზადყოფნას გამოავლენს. მივესალმებით ასეთ შეთანხმებას“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.





