კატალონიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი LGBT-ფობიის წინააღმდეგ, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 300-დან 500 000 ევრომდე ოდენობით
მსოფლიო

ფოტო: EFE
კატალონიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი LGBT-ფობიის წინააღმდეგ, რომელიც აფართოებს აღნიშნული თემის წარმომადგენელთა დაცვის არეალს, ადგენს ახალ სამართალდარღვევებს და აწესებს საჯარიმო სანქციებს 300-დან 500 000 ევრომდე ოდენობით. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.
კანონი ანახლებს მოქმედი ნორმატივის შინაარსს, რაც მიზნად ისახავს საჯარო ადმინისტრაციების მიერ გატარებული პოლიტიკის „განმტკიცებასა და გაფართოებას“.
იგი უზრუნველყოფს ტრანსგენდერი პირების უფლებებს, მოიცავს თვითიდენტიფიკაციისა და გენდერული გამოხატვის თავისუფლებას და ასახავს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სიახლეებს.
ამგვარად, ნორმა აფართოებს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად; ასეთია, მაგალითად, პირის მიმართ „განზრახ“ მიმართვა ისე, რაც არ შეესაბამება მის სახელს ან იმ გენდერს, რომლითაც იგი ახდენს იდენტიფიცირებას. ასევე, სამართალდარღვევად ჩაითვლება იურიდიულ გარიგებებში ისეთი პუნქტების ჩართვა, რომლებიც „იწვევს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვის ან სექსუალური მახასიათებლების ნიადაგზე“.
კანონი ასევე ავალდებულებს კატალონიის მთავრობას, „შეავსოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური რესურსები ამ სფეროში პოლიტიკის გასატარებლად.
გარდა ამისა, იგი ავალდებულებს მათ, წაახალისონ აქტივობები სოფლის ტიპის დასახლებებში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების პატივისცემის, პოპულარიზაციისა და ხილვადობის უზრუნველსაყოფად.
ასევე განახლდა 2014 წლის კანონით გათვალისწინებული სანქციების რეჟიმი. მსუბუქი დარღვევებისთვის ჯარიმები განისაზღვრება 300-დან 10 000 ევრომდე, მძიმე დარღვევებისთვის - 10 001-დან 40 000 ევრომდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დარღვევებისთვის - 40 001-დან 500 000 ევრომდე.
გარდა ამისა, მთავრობას მოუწოდებენ, დაარეგულიროს ისეთი „მექანიზმები“, რომელთა მეშვეობითაც ტრანსგენდერ პირებს შეეძლებათ „შესაბამისი ადმინისტრაციული დოკუმენტაციის ქონა“ მანამ, სანამ სახელმწიფო დონეზე სამოქალაქო რეესტრის მონაცემების ცვლილებას ელიან.





