ალექსეი ნავალნი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუშვეს
მსოფლიო

ალექსეი ნავალნი
ფოტო: youtube
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. პირდაპირი ეთერი კომისიის სხდომიდან YouTube-ზეა ხელმისაწვდომი.
უარყოფითი პასუხი ნავალნიმ ნასამართლობის გამო მიიღო. მანამდე ნავალნიმ არაერთხელ განაცხადა, რომ განაჩენი უკანონოა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციონერის მხარე დაიჭირა.
გუშინ, რუსეთის 20 ქალაქის საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. პროცედურაში 753 ადამიანი მონაწილეობდა. ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებას საინიციატივო ჯგუფის 742 წევრმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა. თუმცა, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო 2028 წლამდე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.





