სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი მოსკოვის საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო სანქტ-პეტერბურგში დაჯდა
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: Getty Images
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში ვერ დაეშვა და იძულებული იყო სანქტ-პეტერბურგში დამჯდარიყო. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის პრესმდივანი ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.
მისი თქმით, ფაშინიანი გვიან ღამით მოსკოვში ევრაზიული კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მიფრინავდა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ მოულოდნელად მოსკოვის თავზე ცა დაკეტა.
„პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამთავრობო თვითმფრინავი მოსკოვის საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო ღამით ვერ დაჯდა. თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში გადაამისამართეს, სადაც ის პულკოვოს აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა. დილით პრემიერ-მინისტრმა გზა გააგრძელა და მოსკოვში გაფრინდა, სადაც ევრაზიული კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომასა და მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში თანამშრომლობის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას“, - დაწერა ბაღდასარიანმა.
რუსული მედია, თავის მხრივ, წერს, რომ მოსკოვის საჰაერო სივრცის დაკეტვა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმით იყო გამოწვეული.





