ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა
მსოფლიო

ფოტო: Telegram
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 65 უკრაინელი ბელგოროდის ოლქში გაცვლის პროცედურისთვის მიჰყავდათ. მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ასევე იმყოფებოდა ეკიპაჟის 6 წევრი და რუსეთის 3 მოქალაქე.
რუსული Telegram-არხების ინფორმაციით, შემთხვევას 74 ადამიანი ემსხვერპლა.
„უკრაინსკაია პრავდამ“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა „უკრაინელი სამხედროების მუშაობის შედეგია“, ვინაიდან თვითმფრინავს С-300 ტიპის რაკეტები გადაჰქონდა. მოგვიანებით ინფორმაცია ჩასწორდა და მასში წყარომ მხოლოდ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა.





