პანამის დოკუმენტებზე მომუშავე ჟურნალისტი ავტომობილის აფეთქებისას დაიღუპა
მსოფლიო

მკვლელობის ადგილი
ფოტო: youtube
ჟურნალისტი, რომელმაც პანამის დოკუმენტებში მალტის პრემიერმინისტრის ცოლის სახელზე არსებული ოფშორული კომპანიების შესახებ ინფორმაცია იპოვა, ავტომობილის აფეთქებისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Malta ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი დაფნე კარუან გალიცია სახლიდან გამოსვლის შემდეგ მალევე, ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა. ის 53 წლის იყო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, აფეთქებამდე 15 დღით ადრე, ჟურნალისტმა პოლიციას უთხრა, რომ ემუქრებოდნენ.
The Guardian-ის ცნობით კი, ჟურნალისტის მისამართით ბოლო მუქარა მის ბლოგზე აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე განთავსდა. ქვეყნის პრემიერმა ჟურნალისტის გარდაცვალებას "ბარბაროსული თავდასხმა" უწოდა და თქვა, რომ "არ მოისვენებს, სანამ მართლმსაჯულება არ იზეიმებს".
დაფნე კარუან გალიცია "პანამის დოკუმენტებს" სწავლობდა, რომელშიც მალტის პოლიტიკოსებზეც მიაკვლია ინფორმაციას. 2017 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს.
პანამის დოკუმენტების გამო მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა.
პანამის დოკუმენტები - ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა Mossack Fonseca-ს სერვერიდან აღებული 2,6 ტერაბაიტის მოცულობის დოკუმენტაცია 2016 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა. დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას ოფშორული კომპანიების შესახებ, რომლებსაც ქვეყნების მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები იყენებდნენ.





