პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკრაინულ მხარეზე სააკაშვილს მხარდამჭერები ელოდებიან
მსოფლიო
პოლონეთ-უკრაინის საზღვრის უკრაინულ მხარეს უკვე შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. მას სცენაც ელოდება, სადაც უკვე მიმდინარეობს უკრაინის ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია. სამართალდამცველებმა სასაზღვრო პუნქტთან მოძრაობა "ფემენის" აქტივისტი დააკავეს.
"იმედის" ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი მუშაობს უკრაინაში.
სააკაშვილმა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა და ავტობუსით კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ უკვე გაემართა. მასთან არიან იულია ტიმოშენკო, უკრანული რადას სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები და ევროპარლამენტის წევრებიც. თბილისის დროით მიხეილ სააკაშვილი საზღვარს 4 საათზე გადალახავს.
ქვეყნის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას აპირებს.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
9 სექტემბერს Facebook-ის პირად გვერდზე სააკაშვილმა დაწერა, რომ უკრაინაში ჩასვლას ის უმცროს შვილთან ერთად გეგმავს.





