უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილს უკან პოლონეთში დააბრუნებს
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას აპირებს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი სერვიატუკის განცხადება ტელეკომპანია 24tv-მა გაავრცელა.
„სააკაშვილს რამდენიმე უკრაინული პასპორტი აქვს, ერთი შიდა და ორი უცხოური. ამიტომ ეს პასპორტები გაუქმებულია. სასაზღვრო სამსახურმა მიიღო დავალება, მას ეს პასპორტები ჩამოართვას“, - განაცხადა სერვიატუკმა.
დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ის ქვეყანაში კოროჩევა - კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან შევა. ექსპრეზიდენტს საზღვრის ერთი მხრიდან შვილი და ჟურნალისტები მოჰყვებიან. თბილისის დროით მიხეილ სააკაშვილი საზღვარს 4 საათზე გადალახავს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს და მას აეროპორტში უკრაინის მთელი ოპოზიციური სპექტრი დახვდება, მათ შორის იქნება იულია ტიმოშენკოც.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
გუშინ Facebook-ის პირად გვერდზე სააკაშვილმა დაწერა, რომ უკრაინაში ჩასვლას ის უმცროს შვილთან ერთად გეგმავს.





