სააკაშვილი კიევში ჩასვლას უმცროს შვილთან ერთად აპირებს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გაავრცელა სათაურით - „მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში“.
გუშინ, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილის ჩასვლის გამო მოქალაქეებისთვის საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა.
„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობილია ისიც, რომ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეების განაწესი, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, გააძლიერეს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს და მას აეროპორტში უკრაინის მთელი ოპოზიციური სპექტრი დახვდება, მათ შორის იქნება იულია ტიმოშენკოც.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.





