imedi
აშშ: ქიმიური იარაღის საწყობზე დარტყმა არ განხორციელებულა
მსოფლიო

აშშ-ის საერთაშორისო კოალიციამ განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქიმიური იარაღის ე.წ. საწყობზე დარტყმა არ განუხორციელებია. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
„კოალიციას ამ რეგიონზე დარტყმა არ განუხორციელებია. სირიის მტკიცებულება არ შეესაბამება სინამდვილეს. სავარაუდოდ, ცრუ ინფორმაცია სპეციალურად გავრცელდა“, - აცხადებს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების პოლკოვნიკი ჯონ დორიანი.
რუსულმა მედიამ, სირიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაიერიში გუშინ 17:30 - 17:50 საათებს შორის განხორციელდა. სირიის გენშტაბის ცნობით, იერიშის ტერიტორიაზე წარმოიქმნა კვამლის თეთრი ღრუბელი, რომელიც მოგვიანებით გაყვითლდა, რაც ტერორისტების საწყობში დიდი ოდენობით ქიმიური იარაღის არსებობაზე მიუთითებს. გენშტაბი აქვე დასძენს, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს არ ფლობს.





