ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებზე ვიდეოკოლაჟი შექმნა
კულტურა

ფოტო: Youtube
ვენაში, ალბერტინას მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის გამოფენას ვიდეო მიუძღვნა და მის ნამუშევრებზე ვიდეოკოლაჟიც შექმნა. მასალა "იმედი LIVE"-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს.
როგორც მუზეუმის დირექტორმა კლაუს ალბრეხტ შრიოდერმა განაცხადა, ნიკო ფიროსმანის გამოფენა მუზეუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რაც კი მოუწყვია.
მისი თქმით, ფიროსმანის ნამუშევრები უკვე 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და გამოფენის დასრულებამდე კიდევ 400 000-მდე დამთვალიერებელი იხილავს.
"არა იმიტომ, რომ ფიროსმანი ამდენად ცნობილი სახელია, პირიქით, ის ჩვენთვის აღმოჩენაა, განსაკუთრებით აქ დასავლეთ ევროპაში, სადაც საკმაოდ ცუდად ვიცნობთ მის სახელს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ნამუშევრებზე. ამის მიუხედავად, რუსული ავანგარდი შაგალითა და მალევიჩით წარმოუდგენელია ნიკო ფიროსმანის გარეშე. როგორც ანრი რუსოა განუყოფელი მატისის, პიკასოსა და მთლიანად დასავლური ავანგარდისგან, ზუსტად იგივე ადგილი უჭირავს ფიროსმანს აღმოსავლეთ ავანგარდში. ის თვითნასწავლი მხატვარი იყო. ის დაიბადა 1862 წელს და გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, უკიდურეს სიღარიბეში უსახლკაროდ და მისი საფლავიც კი დაკარგულია. ამ რეტროსპექტივაში ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა ის განუზომელი ძალა და მიგნებები, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის თვითნასწავლმა მხატვრებმა შეუქმნეს ავანგარდის უდიდეს არტისტებსა და თანამედროვე ხელოვნების დიდ სახელებს. ნიკო ფიროსმანის სამყარო არის საუკუნის დასაწყისის საქართველო, სადაც ასახულია ცხოველები, ფანტაზიები, სურვილები, ღარიბი და მდიდარი ადამიანები, რომელთაც ხვდებოდა ქუჩაში. ის არააკადემიური და პრიმიტიული გზა, რითიც ის მათ გამოსახავდა, აქტუალურს ხდის მას მოდერნიზმისთვისაც. 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს გამოფენა პირველ ორ კვირაში და კიდევ 400 000 ადამიანზე მეტი აღმოაჩენს ფიროსმანს როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ პიონერს. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი მუზეუმის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, რათა გამოფინოს არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი არტისტები და მათი ნამუშევრები, არამედ ისინიც, რომელთა სახელებიც უსამართლოდ არის მოქცეული ჩრდილქვეშ", - განაცხადა ალბერტინას მუზეუმის დირექტორმა, კლაუს ალბრეხტ შრიოდერმა.
NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” - ამ სახელწოდებით ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ხილვა, ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდეა შესაძლებელი.





