რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა
კულტურა

ფოტო: რუსთავის მერია
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო საფესტივალო დღეს, მაყურებლის წინაშე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის დასი სპექტაკლით - „მწვანე ბარათი" წარსდგა.
„ფესტივალის ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა და საუკეთესო ინსცენირებისთვის, თამაზ გოდერძიშვილის სახელობის ჯილდო, რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილს სპექტაკლისთვის „ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს“ გადაეცა. ნომინაციებში საუკეთესო ქალი მსახიობი და ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოები კი რუსთავის თეატრის მსახიობებს - მარიამ მღებრიშვილსა და ანდრია ვაჭრიძეს ხვდათ წილად.
ფესტივალის დახურვის ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
„ჩვენს თეატრს, რომლის დიდი ტრადიციებითაც ასე ვამაყობთ რუსთაველები, დღეს გამორჩეულად ნიჭიერი დასი და ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი ჰყავს. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ტრადიციებს და ქმნიან ახალს. ვულოცავ კომედიის თეატრალური ფესტივალის ყველა მონაწილეს, ჩვენს უნიჭიერეს მსახიობებს - ანდრია ვაჭრიძესა და მარიამ მღებრიშვილს, რომლებმაც ჟიურის საუკეთესო შეფასება და ფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურეს, ვულოცავ გამარჯვებულ დასს. მომავალ წელს, 60 წლის იუბილეს იზეიმებს ჩვენი თეატრი და დარწმუნებული ვარ, რომ წინ უაღრესად საინტერესო თეატრალური სეზონი გველოდება ყველას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კომედიის თეატრალურ ფესტივალზე ორი საუკეთესო სტუდენტი რეჟისორიც გამოვლინდა, რომლებიც მომავალ სეზონზე, რუსთავის თეატრში საკუთარ სპექტაკლს დადგამენ.
რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართა და მასში 10 თეატრალური დასი იღებდა მონაწილეობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





