„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში საქართველოს რუპი კაური ეწვევა
კულტურა

რუპი კაური
ფოტო: Wikipedia
„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის ფარგლებში საქართველოს ამერიკელი ავტორი, რუპი კაური ეწვევა, - პროექტის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მის შემოქმედებას საქართველოშიც კარგად იცნობენ. „ამჟამად ვარჩევთ, რა იქნება მისი ვიზიტისთვის საუკეთესო დრო“, - აღნიშნა ნინია მაჭარაშვილმა.
ამასთან, პროექტის დირექტორის თქმით, კიდევ 2 სახელგანთქმული მწერლის ვიზიტი იგეგმება, თუმცა მათი ვინაობა მან არ დაასახელა.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.





