ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
ეკონომიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ს შეადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი კი 3.7%-ით განისაზღვრება. მისი თქმით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.9%-ით გაიზრდება და 126 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2027 წელს ინფლაციის მაჩვენებელი დაიკლებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუბრუნდება.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზეა დაგეგმილი, შემდგომ წლებში კი მცირედით კლებადი ტენდენცია ექნება. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6%-ის დონეზე განისაზღვრება.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები მომდევნო წელს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. შემოსავლების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2027 წლისთვის 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და მის ხარჯვით ნაწილზე. მისი თქმით, ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, 1 406.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 32 166.0 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 1 190,1 მილიონი ლარით აჭარბებს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სწორად არის შედგენილი და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალო მაჩვენებელზეა აგებული. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა, მომდევნო წლის განმავლობაში გადაიხედოს და შეიცვალოს.
„2026 წელთან შედარებით მომდევნო წლის ბიუჯეტი 1.9 მილიარდი ლარით იზრდება. აღსანიშნავია, რომ 830 მილიონი ლარით არის გაზრდილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ხარჯების ნაწილი. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 555 მილიონი ლარით იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების ის გრძელვადიანი სტრატეგია და გეგმა, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტებშია ასახული. მათი შესრულების რეალური საშუალებები არსებობს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიას მხარი დაუჭირა.




