თამთა სოფრომაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია
ეკონომიკა

თამთა სოფრომაძე
ფოტო: ეროვნული ბანკი
„ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ.
მისი თქმით, რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ARA metric-ის მიხედვით, საქართველოს რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 128.7%-ს შეადგენს, რაც 100%-იან ზღვარს აღემატება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის მიხედვით, რეზერვების არსებული მოცულობა აღემატება 100%-იან ზღვარს და დაახლოებით 129%-ს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია და შესაბამისად ეროვნული ბანკი ყოველთვის არის კონცენტრირებული იმაზე, რომ საერთაშორისო რეზერვები დააგროვოს და ასევე ეფექტიანად მართოს სარეზერვო აქტივები“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვების მოცულობა 50.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 26.5 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.
საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს.




