ვინ იყო „პიარის მამა“? ომის პროპაგანდისტობიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტობამდე

დღეს, როდესაც სარეკლამო კამპანიები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და საინფორმაციო ომები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, იშვიათად თუ ვფიქრობთ იმაზე, თუ სად იღებს სათავეს ეს ყველაფერი. ვინ იყო ადამიანი, რომელმაც, პრაქტიკულად, გამოიგონა თანამედროვე „პიარი“ (PR – Public Relations - საზოგადოებასთან ურთიერთობა) და მასობრივი დარწმუნების მექანიზმები?
ის იყო ედვარდ ბერნეისი - ზიგმუნდ ფროიდის დისშვილი, კაცი, რომელმაც ფსიქოანალიზის საიდუმლოებები მასობრივ მარკეტინგსა და პოლიტიკაში გადმოიტანა, შექმნა თავისი სააგენტო და საზოგადოებრივის აზრის მართვის უხილავ ოსტატად იქცა.
პროპაგანდიდან „პიარამდე“: როგორ გაჩნდა ახალი პროფესია?
ყველაფერი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, რომელსაც ომში მოსახლეობის ჩართვა და განწყობების შეცვლა სჭირდებოდა, შექმნა საჯარო ინფორმაციის კომიტეტი (Committee on Public Information). ამ სტრუქტურაში აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდა ედვარდ ბერნეისი. სწორედ აქ დაინახა მან ფსიქოლოგიური ტრიგერების უზარმაზარი ძალა და განუსაზღვრელი შესაძლებლობები. მისთვის ცხადი გახდა, რომ მასების მართვა და საზოგადოებრივი აზრის ერთი მიმართულებით წარმართვა სავსებით შესაძლებელი იყო.
ომის დასრულების შემდეგ ბერნეისმა გადაწყვიტა, ეს ცოდნა მშვიდობიან ცხოვრებაში, ბიზნესსა და პოლიტიკაში გამოეყენებინა. თუმცა მალევე მიაქცია ყურადღება ერთ დეტალს: სიტყვა „პროპაგანდას“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უკვე მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მკვეთრად ნეგატიური, მანიპულაციური კონტექსტი. იმისათვის, რომ თავისი საქმიანობა ლეგიტიმური, პატივსაცემი და მიმზიდველი გაეხადა, ბერნეისმა საკუთარ თავს „საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი“ (Public Relations Counselor) უწოდა.
ბერნეისმა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა: გავლენა მოეხდინა იმაზე, რასაც ხალხი ფიქრობს და აკეთებს. ამისათვის კი პროპაგანდის ნაცვლად ახალი, უფრო „რბილი“ ტერმინი გამოიყენა. ასე დაიბადა თანამედროვე პიარი (PR) - საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ფროიდის გავლენა: როგორ იქცა ფსიქოანალიზი მასებით მანიპულაციის იარაღად
ბერნეისის წარმატების მთავარი საიდუმლო იმ ფაქტში იმალებოდა, რომ ის ზიგმუნდ ფროიდის დისშვილი იყო. ფროიდმა, რომელმაც შექმნა ფსიქოანალიზი, დაამტკიცა, რომ ადამიანის ქცევას ძირითადად არა რაციონალური გონება, არამედ ღრმა, არაცნობიერი სურვილები, შიშები, სექსუალური იმპულსები და აგრესიული ინსტინქტები მართავს.
ბერნეისმა პირველმა გაიაზრა, რა უზარმაზარი ძალა იმალებოდა ამ აღმოჩენაში კომერციული და პოლიტიკური მიზნებისთვის. მისი მთავარი ინოვაცია იყო მიდგომის შეცვლა: ადამიანებს არ უნდა შესთავაზო პროდუქტი მათი გონების ან ლოგიკის მეშვეობით; შენ უნდა დაუკავშირო ეს პროდუქტი მათ არაცნობიერ, ფარულ სურვილებს, რომლებიც, როგორც წესი მიემართება სტატუსს, მიმზიდველობას, ძალაუფლებას, შიშსა თუ თავისუფლებას.
„ჩვევების არქიტექტორი“: ექსპერიმენტები, რომელთაც ამერიკელების ყოველდღიურობა შეცვალეს
ბერნეისი არ ელოდებოდა, თუ როდის გაუჩნდებოდა მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტის შეძენის სურვილი. ის თავად ქმნიდა მოთხოვნილებასაც და მოთხოვნასაც. კერძოდ, 1920-იან წლებში კომპანია Beech-Nut Packing-მა ბერნეისი ბეკონის გაყიდვების გაზრდის მიზნით დაიქირავა. მას პროდუქტის პირდაპირი რეკლამირება არ დაუწყია. ბერნეისმა გამოკითხა ექიმები, რომლებმაც „დაადასტურეს“, რომ ორგანიზმისთვის ნოყიერი საუზმე უფრო სასარგებლოა, ვიდრე - მსუბუქი. ეს „კვლევა“ ათასობით ადამიანს გაეგზავნა. შედეგად, მილიონობით ამერიკელმა შეიცვალა ჩვევა. შესაბამისად, ბეკონი და კვერცხი ტიპურ ამერიკულ საუზმედ იქცა.
1920-იანი წლების შუა პერიოდში American Tobacco Company-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ჰილმა ედვარდ ბერნეისს მიმართა, რადგან საზოგადოებრივი ტაბუს გამო (ქალებს საჯაროდ მოწევა ეკრძალებოდათ) თამბაქოს ინდუსტრია ბაზრის ნახევარს კარგავდა. ფროიდის მოსწავლესა და ასევე ფსიქოანალიტიკოს აბრაამ ბრილთან კონსულტაციის შემდეგ, ბერნეისმა სიგარეტი ქალთა თანასწორობისა და „თავისუფლების“ არაცნობიერ სიმბოლოდ აქცია. მან აღნიშნული კამპანიის კულმინაცია დაგეგმა 1929 წლის 31 მარტს ნიუ-იორკის სააღდგომო აღლუმზე, როდესაც დაქირავებული ქალების მიერ „თავისუფლების ჩირაღდნებად“ წოდებული სიგარეტების საჯაროდ გაბოლება მოაწყო. რა თქმა უნდა, მედია ამ შესაბამისი ფოტოებით გადაჭრელდა და ფაქტობრივად, სოციალური ტაბუ ერთ ღამეში დაინგრია. ამდენად, თამბაქოს ბიზნესი ახალ სამიზნე ჯგუფზე გავიდა და Lucky Strike-ის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა.
ბერნეისის „ანგარიშზე“ არაერთი მსგავსი კამპანიაა. მათ შორის არის ერთჯერადი ჭიქები და „ჰიგიენის რევოლუცია“. როდესაც ერთჯერადი ქაღალდის ჭიქების მწარმოებლებს გაყიდვებში გაუჭირდათ, ბერნეისმა მასშტაბური კამპანია წამოიწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ. მან საზოგადოება დაარწმუნა, რომ საერთო ჭურჭლის გამოყენება ინფექციების გავრცელების მთავარი წყარო იყო. ამაში აქტიურად ჩართო ექიმები და ცნობადი სახეები. შედეგად, ხალხმა თავად მოითხოვა ერთჯერადი ჭიქების დანერგვა.
პიარიდან პოლიტიკურ გადატრიალებამდე: „გვატემალას ოპერაცია“
ბერნეისის მეთოდები მხოლოდ პროდუქციის გაყიდვით არ შემოფარგლულა. ის პოლიტიკურ ელიტასთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. აშშ-ის პრეზიდენტ კელვინ კულიჯს (30-ე პრეზიდენტი -1923 – 1929) „ცივ და განმარტოებულ“ ადამიანად მიიჩნევდნენ. ბერნეისმა თეთრ სახლში ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები და იუმორისტები მიიწვია საუზმეზე. მომდევნო დღეს მედია აჭრელდა ფოტოებით, რომლებშიც პრეზიდენტი ვარსკვლავებთან ერთად იღიმოდა. კულიჯის რეიტინგი მყისიერად გაიზარდა.
ბერნეისის ყველაზე მასშტაბური და ამავე დროს ბნელი პროექტი საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირდება. 1940-იანი წლებიდან ბერნეისი ამერიკულ გიგანტ United Fruit Company-სთან თანამშრომლობდა. თავიდან საქმე ამერიკაში ბანანის სასარგებლო თვისებების პოპულარიზაციასა და მისი გაყიდვების გაზრდას ეხებოდა. United Fruit Company-სთვის ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური ამერიკული ბაზა გვატემალა იყო. თუმცა 1952 წელს გვატემალის დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა ხაკობო არბენსმა წამოიწყო აგრარული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დაუმუშავებელი მიწების გლეხებისთვის გადაცემას გეგმავდა. United Fruit Company კი გვატემალაში უზარმაზარ მიწის ფართობებს ფლობდა და ეს რეფორმა მასაც ეხებოდა. კომპანიამ დასახმარებლად ბერნეისს მიმართა.
ბერნეისმა შესანიშნავად იცოდა, რომ ერთიანი დარტყმით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ მან წინასწარი მომზადების გრძელვადიანი სტრატეგია აირჩია. 1952-1953 წლების განმავლობაში მან მეთოდურად და „ნაბიჯ-ნაბიჯ“ დაიწყო გვატემალის მთავრობისა და პრეზიდენტ ხაკობო არბენსის „გაშავება“: ის აფინანსებდა და აწვდიდა „ექსკლუზიურ ინფორმაციას“ ამერიკულ წამყვან მედიაგამოცემებს (The New York Times, Time, Newsweek). მან შექმნა სპეციალური საინფორმაციო ბიურო, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტებს, კონგრესმენებსა და ექსპერტებს „არწმუნებდა“, რომ გვატემალა სსრკ-ის „მარიონეტი“ და კომუნისტური რეჟიმის პლატცდარმი ხდებოდა, რაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა.
ედვარდ ბერნეისმა ჟურნალისტებისთვის გვატემალაში მოაწყოკომპანიის მიერ დაფინანსებული სპეციალური ტური, როდესაც მედიის წარმომადგენლები შეხვდნენ მათ „ვისაც უნდა შეხვედროდნენ“ და „მოესმინათ ის, რაც უნდა მოესმინათ“. ამ საზოგადოებრივმა განწყობამ ნიადაგი მოუმზადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ფარულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც არბენსის მთავრობა დაემხო და ქვეყანა 36-წლიანმა სამოქალაქო ომმა მოიცვა. ასე იქცა „პიარ-ტექნოლოგია“ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების შეცვლის იარაღად.
მასების მანიპულაციის „ბიბლია“: ბერნეისის სამი მთავარი წიგნი
ედვარდ ბერნეისმა საკუთარი გამოცდილება და თეორიული ხედვები გააერთიანა რამდენიმე ფუნდამენტურ წიგნში, რომლებიც დღემდე ინტერესის საგანია:
1.„საზოგადოებრივი აზრის კრისტალიზაცია“ (Crystallizing Public Opinion, 1923)
ეს არის პირველი წიგნი ისტორიაში, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) თეორიას მიეძღვნა. აქ ბერნეისი ამტკიცებს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდების აზრი ქაოსურია და მას სპეციალური ტექნოლოგიებით სჭირდება „კრისტალიზაცია“ - განსაზღვრულ კალაპოტში მოქცევა.
2.„პროპაგანდა“ (Propaganda, 1928)
ეს ნაშრომი საზოგადოებრივი აზრის მართვის მანიფესტად იქცა. წიგნი იწყება ცნობილი ფრაზით: „მასების ცნობიერებისა და ჩვევების გააზრებული და ჭკვიანური მანიპულაცია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია.“ ბერნეისი ღიად განმარტავს, რომ არსებობს „უხილავი მთავრობა“, რომელიც რეალურად მართავს საზოგადოებას, რადგან მასებს არ შესწევთ უნარი, თავად მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილებები.
3.„თანხმობის ინჟინერია“ (Engineering Consent, 1947)
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოქვეყნებულ ამ ნაშრომში ბერნეისმა შემოიღო ცნება „თანხმობის ინჟინერია“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიაში ხალხის იძულება ძალადობით შეუძლებელია. წარმატების გასაღები ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც მოქალაქეს სჯერა, რომ თავად იღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ როცა ეს არჩევანი წინასწარ „გარკვეული ძალების მიერ“ არის განსაზღვრული.
მემკვიდრეობა, რომელიც დღესაც გვმართავს?
ედვარდ ბერნეისმა სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს სამყარო. მან დაამტკიცა, რომ იარაღზე ძლიერი სიტყვა, სიმბოლოები და ფსიქოლოგიური მექანიზმებია, ხოლო საზოგადოებრივი აზრი არ არის სტიქიური მოვლენა, მისი ფორმირება, მართვა და კონტროლი შესაძლებელია.
კაცმა, რომელმაც ფროიდის იდეები კორპორაციულ სამყაროს მოარგო და „პროპაგანდა“ „პიარად“ აქცია, დატოვა მემკვიდრეობა, რომლის გავლენაზე დღესაც ბევრს საუბრობენ.




