სუროგაცია: მანკიერი მეთოდი, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა აკრძალეს. სკანდალები, ტრეფიკინგისა და თაღლითობის ხმაურიანი საქმეები

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა და განმარტა, რომ აკრძალვის აუცილებლობა სუროგაციასთან დაკავშირებულმა ეთიკურ-სამართლებრივმა რისკებმა, განსაკუთრებით ტრეფიკინგის, ქალთა ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის საფრთხემ განაპირობა. „კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვა ეკონომიკურ სირთულეებს გამოიწვევს, თუმცა ვთვლით, რომ მატერიალური სარგებელი ვერასდროს გახდება მსგავსი რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე", – აღნიშნა კირცხალიამ და დაამატა, რომ გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს ე.წ. ინ-ვიტრო განაყოფიერების შეზღუდვას, რომელიც მანამდეც მკაცრად რეგულირდებოდა.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ამ საკითხის საპატრიარქოსთან განხილვის შემდეგ, შესაბამისი კანონპროექტი მომზადდება, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს. „მზად ვართ მოვისმინოთ შეფასებები და გავმართოთ დისკუსია, რადგან კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება და დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. საინტერესოა, ვინ გაუწევს კანონს წინააღმდეგობას და რა არგუმენტით, მით უფრო, რომ სუროგაცია, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ კომერციად იქცა, თითქმის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც აკრძალულია ან მკაცრად რეგულირდება".
კომერციული და ალტრუისტული სუროგაცია
სუროგაცია, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ მეთოდად ითვლება, რადგან ქალი ანუ სუროგატი დედა იმ პირისთვის ან წყვილისთვის თანხმდება ბავშვის გაჩენას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია ბავშვის ყოლა, კომერციულიც შეიძლება იყოს და ალტრუისტულიც. კომერციული სუროგაცია - სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვასთან ერთად სუროგატი დედისთვის მატერიალურ ანაზღაურებასაც ითვალისწინებს, ალტრუისტული კი, ფინანსურ სარგებელზე უარის თქმას გულისხმობს, როცა სუროგატ დედას, რომელიც საკუთარი ნებით აჩენს ბავშვს სხვისთვის, მხოლოდ ორსულობისა და მშობიარობის ხარჯი უნაზღაურდება.
სუროგაცია - სისხლის სამართლის დანაშაული
აღსანიშნავია, რომ სუროგაცია, როგორც კომერციული, ისე ალტრუისტული, ეთიკური და სამართლებრივი მოსაზრებებით, ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის რისკების გათვალისწინებით, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში აკრძალულია, ისეთი წამყვანი ქვეყნების ჩათვლით, როგორიც საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია და ავსტრია, ჩინეთი, იაპონია და საუდის არაბეთია.
მეტიც, 2024 წლის ნოემბერში, იტალიაში მიღებული კანონით, სუროგაცია ე.წ. „უნივერსალურ დანაშაულად“ ითვლება, რადგან მსგავსი მეთოდით სარგებლობა იტალიის მოქალაქეებს არა უბრალოდ ეკრძალებათ სხვა ქვეყნებში, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც აკისრებს 3 თვიდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და 600 ათასიდან 1 მილიონ ევრომდე ჯარიმით. ამასთანავე, იტალია უარს ამბობს საზღვარგარეთ სუროგაციით დაბადებული ბავშვის დოკუმენტების სრულფასოვან რეგისტრაციაზე, რაც თავის მხრივ სერიოზულად ართულებს არაბიოლოგიური მშობლის უფლებების აღიარებასა და ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას.
სუროგაციის აკრძალვის ძირითადი მიზეზები
განსხვავებული ტრადიციებისა და ცხოვრების წესის მიუხედავად, სუროგაციის აკრძალვისას ქვეყნებმა პრაქტიკულად იდენტური არგუმენტებით იხელმძღვანელეს და დაადგინეს, რომ მანკიერი მეთოდი არა მხოლოდ ქალთა ექსპლუატაციას და ადამიანის სხეულის კომერციალიზაციას აქეზებს, არამედ ერთი-ორად ზრდის ტრეფიკინგისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკს, რადგან კომერციული სუროგაცია პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ქალების ეკონომიკურ ექსპლუატაციას ახალისებს, ორსულობისა და დედობის ფინანსურ გარიგებად ქცევა კი, ადამიანის ღირსებას ლახავს. საფრთხე ექმნება ბავშვთა უფლებებსაც, რადგან რეგულაციების არარსებობის ფონზე კატასტროფულად იზრდება მცირეწლოვნებით ვაჭრობის ანუ ტრეფიკინგის რისკი, სასამართლო დავების დროს კი, ბავშვი ხშირად მშობლის სტატუსისა და მოქალაქეობის გარეშე რჩება.
ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთსა და გერმანიაში სუროგაცია დედობის სამართლებრივ პრინციპს არღვევს, რადგან მხოლოდ ის ქალი ითვლება ბავშვის დედად, რომელმაც გააჩინა, ამიტომ სუროგაციის ნებისმიერი კონტრაქტი ავტომატურად ცხადდება ბათილად, კონსერვატიული პოლიტიკისა და ისლამური სამართლის ქვეყნებში კი, მსგავსი პრაქტიკა არა მხოლოდ ოჯახის ტრადიციულ მოდელს, არამედ რელიგიურ და მორალურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
ევროპარლამენტის რეზოლუცია
2024 წლის 23 აპრილს ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით - 563 მომხრეს მხარდაჭერით 7-ის წინააღმდეგ, ევროკავშირის განახლებული დირექტივა დაამტკიცა ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის ინიციატივით, დოკუმენტში პირველად ჩაიწერა, რომ სუროგაციის ექსპლუატაცია ტრეფიკინგის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ პირებისთვისაც, ვინც შეგნებულად ისარგებლებს ტრეფიკინგის მსხვერპლი სუროგატი დედის მომსახურებით. ამასთანავე, განახლებულმა რეზოლუციამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამგვარი ქმედების კრიმინალიზაცია დაავალდებულა, სუროგაციის, განსაკუთრებით ალტრუისტული ფორმის დაშვების ან აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა კი, ინდივიდუალურად ურჩია.
ბევრად მკაცრი პოზიცია დააფიქსირა ევროპარლამენტმა 2025 წლის 13 ნოემბერს მიღებულ გენდერული თანასწორობის სტრატეგიის რეზოლუციაში, როცა დოკუმენტის მე-14 პუნქტში დაგმო სუროგაციის პრაქტიკა, როგორც ქალის სხეულის რეპროდუქციული ექსპლუატაცია ფინანსური სარგებლის მიზნით.
სავალალო სტატისტიკა
2026 წლის 15 ივლისს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებში რიმ ალსალემმა, სუროგაციის შესახებ სპეციალური მოხსენება წარადგინა და აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 30 ათასი ბავშვი იბადება სუროგაციის გზით, თუმცა სუროგატი დედები გადახდილი თანხის მხოლოდ 10-27% იღებენ. ამგვარი მონაცემების ფონზე ალსალემმა ევროკავშირს სუროგაციის ნებისმიერი ფორმის სრული აკრძალვისა და მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
გახმაურებული საქმეები
საერთაშორისო ბიზნესად ქცეული სუროგაცია, რომელიც მეტწილად ფარულად ხორციელდება, ყოველთვის სკანდალებით, ტრეფიკინგისა და თაღლითობის ხმაურიანი საქმეებით ახსენებს საზოგადოებას თავს, რაც სულ უფრო მეტ ქვეყანას აიძულებს შესაბამისი კანონის გამკაცრებას ან მანკიერი მეთოდის სრულად აკრძალვას.
2014 წელს სკანდალურ საქმეებად იქცა "პატარა გემის" (Baby Gammy) და "ბავშვების ფაბრიკის" ისტორიები, როცა ჯერ ავსტრალიელმა წყვილმა დატოვა სუროგატ დედასთან დაუნის სინდრომით დაბადებული ბიჭუნა - გემი და მხოლოდ მისი ჯანმრთელი ტყუპისცალი იშვილა, მერე ბანგკოკში, მასშტაბური რეიდის დროს მიაკვლიეს სამართალდამცველებმა ბინას, სადაც ძიძები სუროგაციით დაბადებულ 9 ჩვილს უვლიდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვების ბიოლოგიური მამა იაპონელი მილიონერი მიცუტოკი შიგეტა იყო, რომელსაც საერთო ჯამში 15-მდე "სუროგატი შვილი" ჰყავდა. ტაილანდურმა საქმეებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვიეს, რამაც ქვეყნის მთავრობას უცხოელებისთვის კომერციული სუროგაციის სრულად აკრძალვა აიძულა.
სკანდალი მოხდა საბერძნეთშიც, კუნძულ კრეტაზე 2023 წელს, როცა ცნობილ რეპროდუქციულ კლინიკაში Mediterranean Fertility Institute-ში პოლიციამ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და აღმოაჩინა, რომ საერთაშორისო ქსელი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან ახორციელებდა ტრეფიკინგს, ქალებს სუროგატებად, კვერცხუჯრედის დონორებად იყენებდა, მერე კი, სამედიცინო დოკუმენტებს აყალბებდა და ბავშვების უკანონოდ გაშვილებით უცხოელ წყვილებს სძალავდა ფულს. კალიფორნიის "საშინელებათა სახლის" საქმე კი, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ისტორიად იქცა, რადგან წყვილი, რომელმაც ჯერ სუროგაციით გაჩენილ 26 ბავშვს მოუყარა თავი საკუთარ სახლში, მერე კი, სისტემატურად ძალადობდა მათზე, სამართალდამცავებმა გასული თვის დასაწყისში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარმა, გუოჯუნ სუანმა და სილვია ჟანგმა ჯერ კიდევ 2021 წელს შექმნეს სუროგაციის სააგენტო Mark Surrogacy Investment LLC კალიფორნიის ქალაქ არკადიაში და მთელი ამერიკის მასშტაბით შეუდგნენ სუროგატი დედების ძიებას. არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა მათი სისასტიკე, რომ არა 2025 წელს, კლინიკაში თავის ტრავმით მიყვანილი ჩვილი. ორი თვის ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ დაეჭვებულმა მედიკოსებმა სასწრაფოდ პოლიციას მიმართეს, რომელმაც 30-მდე დატყვევებულ მცირეწლოვანს მიაგნო წყვილის სახლში.
მართალია, სუანი და ჟანგი ძიძასთან - ჩუნმეი ლისთან ერთად გამოძიების დასრულებამდე გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ ერთწლიანი გამოძიების და სახლში დამონტაჟებული 40-ზე მეტი სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, 2026 წლის 6 ოქტომბერს ისევ დააკავეს და ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ბავშვებზე სისტემატური ძალადობის ორგანიზებასა და მოწმეებზე ზეწოლში. სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გუოჯუნ სუანს 17-წლიანი პატიმრობა, მის მეუღლეს სილვია ჟანგს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ძიძა ჩუნმეი ლი კი, 12 წელს გაატარებს საპატიმროში.





