გონების ლაბირინთი: ყველაზე გავრცელებული კომპლექსები, ფობიები და მანიები

ადამიანის ფსიქიკა ამოუცნობი ფენომენია, რადგან სხვა მექანიზმებთან ერთად, ის გამაღიზიანებლებიც განსაზღვრავენ მის მუშაობას, რომლებიც კომპლექსების, მანიებისა და ფობიების განვითარებას უწყობენ ხელს. მართალია, ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავსი ტერმინები ხშირად სინონიმებად გამოიყენება, მაგრამ ფსიქოლოგიაში მკაფიოდ გამიჯნული მნიშვნელობა აქვთ, რადგან კომპლექსი - ზრდასრულ ასაკში არეკლილი ბავშვობის ტრავმული გამოცდილება, ფობია - უკონტროლო, ირაციონალური შიში კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის მიმართ, მანია კი, აკვიატებული ქცევა ან მოქმედების შესრულების პათოლოგიური მოთხოვნილებაა.
ყველაზე გავრცელებული კომპლექსები -
ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ იუნგის მიერ აღწერილი "კომპლექსი"- არაცნობიერი ან ნაწილობრივ ცნობიერი იდეების, მოგონებებისა და ემოციების ერთობლიობაა, რომელიც ბავშვური ტრავმული გამოცდილებით ყალიბდება და ერთგვარ შინაგან კონფლიქტად ქცეული, დამახინჯებული აღქმის და თვითშეფასების ფონზე განსაზღვრავს ზრდასრული ადამიანის ქცევას.
* არასრულფასოვნების კომპლექსი - საკუთარი თავით მუდმივი უკმაყოფილება და ნაკლულობის შეგრძნებაა სხვათა ილუზორული უპირატესობის ფონზე. სწორედ არასრულფასოვნების კომპლექსი ითვლება სხვა პათოლოგიების საფუძვლად, რადგან ნაკლის კომპენსირებას, განცდისა და ტკივილისგან გათავისუფლებას, ფსიქიკა ყოველთვის "მავნე" მეთოდებით ცდილობს. ჩვეულებრივ, არასრულფასოვნების კომპლექსი ბავშვობასა და მოზარდობაში, ჰიპერკრიტიკული მშობლების და თანატოლების ბულინგის, საზოგადოებრივი აზრისა და სოციალურ მედიაში კულტივირებული "იდეალური სტანდარტების" გავლენით ყალიბდება და ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმებით - მორცხვობითა და უკიდურესი პასიურობით, სიახლის შიშითა და საკუთარი წარმატების გაუფასურებით, ან პირიქით - ამპარტავნებითა და აგრესიული თავდაცვით ვლინდება, როცა ადამიანი სხვათა დაცინვით, მუდმივი კრიტიკით ცდილობს შინაგანი უსუსურობის შენიღბვას.
* უპირატესობის კომპლექსი - არასრულფასოვნების კომპლექსის თავდაცვითი მექანიზმი და ერთგვარი ნიღაბია, რადგან ადამიანს სხვებზე დომინირებით, მათი დამცირებით სურს საკუთარი ნაკლის კომპენსირება და უპირატესობის დამტკიცება. მეგალომანისგან განსხვავებით, რომელსაც მტკიცედ სჯერა საკუთარი უნიკალურობის და განსაკუთრებული მისიის, უპირატესობის კომპლექსით შეპყრობილი სრულად ინარჩუნებს რეალობისა და საკუთარი თავის აღქმას, უბრალოდ ამპარტავნობით ცდილობს ნაკლულობის დაძლევას, რაც სხვათა კრიტიკითა და საკუთარი მიღწევების ხაზგასმით, "ყოვლისმცოდნეობის" იმიტაციითა და სოციალური ნორმების სრული იგნორირებით ვლინდება.
* "თაღლითის" კომპლექსი ("თვითმარქვიას" სინდრომი) - საკუთარი შესაძლებლობების და მიღწევების გაუფასურებაა, როცა წარმატებას ადამიანი მხოლოდ გამართლებას "აბრალებს" და შიშობს, რომ ადრე თუ გვიან მიუხვდებიან "თაღლითობას". ბავშვობაში, ზედმეტად მომთხოვნი მშობლების გადაჭარბებული მოლოდინების ფონზე ჩამოყალიბებული კომპლექსი, ზრდასრულ ასაკში საკუთარი წარმატების გაუფასურებით, იღბლისთვის ან სხვათა კეთილგანწყობისთვის მიწერით, პერფექციონიზმით და კრიტიკისადმი ავადმყოფური მგრძნობელობით ვლინდება.
* "ფრიადოსნის" კომპლექსი (დესტრუქციული პერფექციონიზმი) - სრულყოფილების დევნაა, რადგან ადამიანს ჰგონია, რომ მხოლოდ იდეალური შედეგით შეძლებს აღიარებისა და პატივისცემის დამსახურებას. ჰიპერკრიტიკული მშობლების წყალობით ბავშვობაში განვითარებული კომპლექსი, ზრდასრულ ასაკში პათოლოგიური პერფექციონიზმითა და შეცდომის დაშვების შიშით, კრიტიკაზე მწვავე რეაქციითა და მუდმივად შექების მოლოდინით ვლინდება, რაც ხშირად ნერვული აშლილობით და სრული ემოციური გამოფიტვით სრულდება.
* "კარგი ადამიანის" კომპლექსი (კომპლექსური დეპერსონალიზაცია, სოციალური კონფორმიზმი) - გარშემომყოფებთან კონფლიქტის, მიტოვებისა და უარყოფის შიშია, როცა ადამიანს უჭირს უარის თქმა და თვლის რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს სიყვარულს თუ მაქსიმალურად მოსახერხებელი, უპრობლემო და უპრეტენზიო იქნება სხვებისთვის. ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსი, როცა მცირეწლოვანს ემოციების, განსაკუთრებით ბრაზის, წყენის დამალვას და მშობლების პრობლემებს მორგებას აიძულებდნენ, სიყვარულს კი, მხოლოდ "კარგი ქცევის" სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ, ზრდასრულ ასაკში საკუთარი სურვილების იგნორირებით, სხვათა სასარგებლოდ მოქმედებით და ირაციონალური დანაშაულის გრძნობით ვლინდება.
* მსხვერპლის კომპლექსი - საკუთარი ცხოვრების მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმაა სამყაროსა და გარშემომყოფთა უსამართლობის, მტრული განწყობის მომიზეზებით. ბავშვობაში, მშობლების მიერ დამოუკიდებლობის შეზღუდვით ან დათრგუნვითა და იგნორირებით შეძენილი კომპლექსი, როცა მსხვერპლად ქცეული ბავშვის ფსიქიკამ მსგავსი მდგომარეობა გადარჩენის ერთადერთ მეთოდად აღიქვა, ზრდასრულ ასაკში საკუთარი პრობლემების სხვისთვის გადაბრალებით და მუდმივი წუწუნით, კონსტრუქციულ კრიტიკაზე მწვავე თავდაცვითი რეაქციით და დახმარებაზე უარის თქმით ვლინდება. მეტიც, მსხვერპლის პოზაში ადამიანი ორმაგ სარგებლობს პოულობს, რადგან ერთი მხრივ, ყურადღებას და თანაგრძნობას იმსახურებს, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობას გაურბის და მოხერხებულად ირგებს პასიური ტანჯულის როლს.
* მესიის კომპლექსი - საკუთარი განსაკუთრებულობის, ყოვლისშემძლეობისა და მორალური უპირატესობის დამტკიცების პათოლოგიური მოთხოვნილებაა სხვათა გადარჩენისა და მათი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის ხარჯზე. ბავშვობაში, მეტწილად დისფუნქციურ ოჯახში ჩამოყალიბებული კომპლექსი, როცა ბავშვი ნაადრევად გაიზარდა, თუნდაც უმცროს და-ძმაზე ზრუნვით და ჩათვალა, რომ მისი მოვალეობა მხოლოდ სხვებისთვის თავგანწირვა იყო, ზრდასრულ ასაკში გარშემომყოფთა საქმეში უხეში ჩარევით ვლინდება საკუთარი ინტერესების იგნორირებით. მეტიც, მსგავსი კომპლექსით შეპყრობილი ყოველთვის შეგნებულად ირჩევს პარტნიორად "პრობლემურ" ადამიანს - ალკოჰოლზე, ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულს მისი "გადარჩენის" მიზნით, თუმცა ავადმყოფურად განიცდის, როცა "გადარჩენილი" სათანადოდ არ აფასებს მის ამაგსა და მზრუნველობას.
* კონკურენციის კომპლექსი - ნევროტული თავისებურებაა, როცა ნაკლულობის და დაბალი თვითშეფასების ფონზე, ადამიანს სხვებზე დომინირებისა და საკუთარი უპირატესობის ნებისმიერ ფასად დამტკიცების მოთხოვნილება უჩნდება. ბავშვობის კომპლექსი, რომელიც მუდმივად თანატოლებთან შედარებით ვითარდება, ზრდასრულ ასაკში პათოლოგიური კონკურენციითა და მეტოქეობით, მარცხის შიშითა და სხვისი წარმატების მიუღებლობით იცვლება, აღიარებისა და პატივისცემის დევნა კი, ხშირად უკიდურეს ფორმას იძენს და ნარცისულ-პიროვნულ აშლილობად ყალიბდება.
* სიღარიბის კომპლექსი ("დეფიციტის აზროვნება", "სიღარიბის ფსიქოლოგია") - სტაბილურობისა და ფინანსური რესურსების დეფიციტით გამოწვეული ქრონიკული შფოთვაა. ბავშვობაში, ოჯახის მატერიალური პრობლემების ფონზე შეძენილი კომპლექსი ზრდასრულ ასაკში პათოლოგიური მომხვეჭელობით და ფინანსების დაზოგვით ვლინდება. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ დეფიციტის ქრონიკული განცდა, მათ შორის სიღარიბის კომპლექსი არა მხოლოდ ტვინს ტვირთავს, არამედ საგრძნობლად აქვეითებს ინტელექტუალურ კოეფიციენტს (IQ-ს) და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარს.
* გარეგნობის კომპლექსი (სხეულის დისმორფია), რომელიც ობსესიურ-კომპულსური სპექტრის დაავადებად ითვლება - საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება და მუდმივად ნაკლის ძიება, გამოგონილ დეფექტზე ფოკუსირება და არასრულფასოვნების განცდაა. ერთი მხრივ, ბავშვობის და მოზარდობის ტრავმების - ბულინგის, დაცინვისა და დამცირების, მეორე მხრივ, მედიასა და სოციალურ ქსელებში დამკვიდრებული სილამაზის არარეალური სტანდარტების ზეწოლით განვითარებული კომპლექსი, საკუთარი თავის საათობით სარკეში თვალიერებით ან პირიქით, სარკის შიშით, ნაცნობებთან მტკივნეული შედარებით და ქრონიკული სტრესით ვლინდება.
* ასაკის კომპლექსი, რომელიც არა იმდენად სამედიცინო განსაზღვრება, რამდენადაც კულტურული ფენომენია და "შუა ასაკის კრიზისად" ითვლება (თუმცა, გერასკოფობიასთან - დაბერების პათოლოგიურ შიშთან და გერონტოფობიასთან - მოხუცების, საკუთარი სიბერის აუტანლობასთან ასოცირდება), ერთი მხრივ, საზოგადოებაში დამკვიდრებული ეიჯიზმის (ასაკობრივი დისკრიმინაციის) და ახალგაზრდობის კულტის, მეორე მხრივ, სოციალური სტატუსის და გარეგნული მომხიბვლელობის, ფიზიკური ძალისა და უნარის დაკარგვის შიშით ვითარდება და მეტწილად ასაკის დამალვით, ზრდასრული ადამიანისთვის შეუფერებელი ქცევითა და ახალგაზრდული იმიჯის იმიტირებით ვლინდება.
* დამნაშავის (დანაშაულის) კომპლექსი, რომელიც კლინიკური დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია - საკუთარი არასრულყოფილებით გამოწვეული სირცხვილი, სხვის ემოციებზე ჰიპერტროფირებული პასუხისმგებლობა და ნებისმიერი ნეგატივის საკუთარ თავს დაბრალებაა. მსგავს პათოლოგიას ერთი მხრივ, მშობლების განქორწინებით მიღებული ტრავმა და მათ დაშორებაში საკუთარი თავის დადანაშაულება, მეორე მხრივ, მკაცრი აღზრდა პროვოცირებს, როცა მშობლები არარეალურად მაღალ სტანდარტებს უწესებენ ბავშვს, ვერ შესრულების შემთხვევაში კი, არცხვენენ, სხვებს ადარებენ და უხეშად მიუთითებენ ნაკლოვანებებზე. ზრდასრულ ასაკში დამნაშავის კომპლექსი მუდმივად თავის მართლებით და უმიზეზოდ ბოდიშის მოხდით, პირადი მოთხოვნილებების იგნორირებით, თვითკრიტიკითა და თვითგვემით ვლინდება.
* სოციალური სტატუსის კომპლექსი, რომელიც ე.წ. სტატუსურ შფოთვას "ენათესავება" - დაბალი თვითშეფასების ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ავადმყოფური დამოკიდებულება და სოციუმის მიერ უარყოფის პათოლოგიური შიშია. ერთი მხრივ, ბავშვობაში ფორმირებული რწმენა, რომ სიყვარულის დამსახურება მხოლოდ გარეგნული "ბრწყინვალებით" შეიძლება, მეორე მხრივ, თანამედროვე სამყაროში სოციალური უპირატესობის კულტივირების ფონზე განვითარებული კომპლექსი, ზრდასრულ ასაკში მატერიალური სტატუსის სიმბოლოების - ბრენდებისა და ძვირადღირებული ნივთების დემონსტრირებით, სოციალურ ქსელში იდეალური ცხოვრების იმიტირებითა და გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობის ხაზგასმით გამოიხატება.
* კასტრაციის კომპლექსი - ავსტრიელი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის მიერ შემოღებული ტერმინია, რომელსაც არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან არა მხოლოდ ძალაუფლების, გავლენისა და ავტორიტეტის, ავტონომიისა და კომპეტენციის დაკარგვას, არამედ მამის ან სხვა დომინანტი ფიგურის მხრიდან დასჯის გაუცნობიერებელ შიშსაც გულისხმობს. კასტრაციის კომპლექსი ბავშვობაში, ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსის განვითარების პერიოდში ყალიბდება და მამაკაცებში სექსუალური იდენტობის შფოთვით, იმპოტენციის შიშითა და ჰიპერმასკულინობით ან პირიქით, პასიურობითა და ავტორიტეტებისადმი მორჩილებით, ქალებში კი - მამაკაცთა საზოგადოებაში არასრულფასოვნების, ნაკლულობის განცდით ვლინდება.
* ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსი - ფროიდის მიერ დამკვიდრებული და ერთ-ერთ ფუნდამენტურ თეორიულ კონცეფციად ქცეული ოიდიპოსის კომპლექსი - ბავშვის ინსტინქტური ფსიქოსექსუალური ლტოლვაა საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ და მეტოქეობა იმავე სქესის მშობელთან. ოიდიპოსის კომპლექსი მხოლოდ ბიჭებში ვლინდება დედის ყურადღების მონოპოლიზების მცდელობით და მამის მიმართ აგრესიით, რისი მიზეზი კასტრაციის ანუ დასჯის გაუცნობიერებელი შიშია, ელექტრას კომპლექსი კი, რომელიც კარლ იუნგმა შემოიღო ოიდიპოსის კომპლექსის ზუსტ ანალოგად გოგონებში - მამის მიმართ გაუცნობიერებელი ლტოლვა და მიჯაჭვულობა, დედასთან კი, ფარული კონკურენციაა. ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსი 3-დან 5 წლამდე, ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების პერიოდში ყალიბდება და მხოლოდ მაშინ იძენს ჯანსაღ ფორმას, როცა მცირეწლოვანი თავისივე სქესის მშობელთან აიგივეებს საკუთარ თავს და მის ქცევით მოდელებთან ერთად სოციალურ ნორმებს, მორალისაც ითვისებს.
* მედეას კომპლექსი - შვილების მიმართ დედის ფარული აგრესია, ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი სურვილია, რომელსაც პარტნიორის ღალატი, მისი მხრიდან დამცირება პროვოცირებს და შურისძიების მანიაკალურ მოთხოვილებად იქცევა, მით უფრო, რომ შვილებს ქალი მხოლოდ მეუღლის დასჯის ინსტრუმენტად აღიქვამს. ნარცისულ-პიროვნული აშლილობის ფონზე განვითარებული კომპლექსი საკმაოდ მძიმე ფორმით - ბავშვების ფიზიკური განადგურებით, მათი მანიპულირებითა და ემოციების სრული იგნორირებით, განქორწინების შემთხვევაში კი, მამის წინააღმდეგ განწყობითა და მასთან ურთიერთობის სრული აკრძალვით ვლინდება.
* პიტერ პენის კომპლექსი (სინდრომი) - ინფანტილიზმი, ზრდასრული ადამიანის სოციალური უუნარობა და ემოციური უმწიფრობა, დამოუკიდებლად მოქმედებისა და მარცხის განცდის პანიკური შიშია. მსგავსი კომპლექსის განვითარებას ერთი მხრივ, ჰიპერმზრუნველი მშობლები უწყობენ ხელს, რომლებიც ყველა სირთულეს არიდებენ ბავშვს და დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას ართმევენ, მეორე მხრივ, ბავშვობის ტრავმები, როცა ნაადრევად გაზრდილი ინდივიდი ზრდასრულ ასაკში ცდილობს "ბავშვობაში დაბრუნებას" და დანაკლისის ანაზღაურებას კარიერული და პირადი ვალდებულებებისთვის თავის არიდებით, საკუთარ პრობლემებში სხვათა დადანაშაულებით და მშობლების, პარტნიორის ხარჯზე პარაზიტული ცხოვრებით.
* კოტარდის კომპლექსი ("ცოცხალი მკვდრის სინდრომი"), რომელმაც ფრანგი ნევროლოგისა და ფსიქიატრის ჟიულ კოტარდის სახელი შეიძინა, ფსიქოზური დეპრესიის, მძიმე ნევროლოგიური დარღვევების შედეგად ვითარდება და სრული ემოციური გაუცხოების (დეპერსონალიზაციის) ფონზე ტრანსფორმირდება ნიჰილისტური ბოდვად, რადგან ადამიანი სრულად კარგავს რეალობის, საკუთარი სხეულის შეგრძნებას და ეჩვენება, თითქოს მისი შინაგანი ორგანოები იხრწნება და სისხლისგან იცლება, უკვე გარდაიცვალა და საერთოდ აღარ არსებობს, რის გამო უარს ამბობს საკვების მიღებასა და ელემენტარული მოქმედების შესრულებაზე.
ყველაზე გავრცელებული ფობიები
ფობია - ძლიერი, ირაციონალური და უკონტროლო შიშია უსულო საგნის, ცოცხალი არსების ან სიტუაციის მიმართ, რომელიც სინამდვილეში, არ წარმოადგენს საფრთხეს. კომპლექსების მსგავსად, ფობიებიც ბავშვობაში ყალიბდება, თუმცა თუ კომპლექსი შინაგანი კონფლიქტია, მაშინ ფობია პირიქით, მყისიერი რეაქციაა გარე გამღიზიანებელზე.
* გერასკოფობია და გერონტოფობია - ასაკის მატების, ფიზიკური და გონებრივი დაუძლურების, გარეგნული მომხიბვლელობის დაკარგვისა და სნეულებების განვითარების, ასევე სიბერისა და ხანდაზმული ადამიანების ირაციონალური შიში და პათოლოგიური სიძულვილია. ერთი მხრივ, ბავშვობაში მოხუცი ნათესავის მძიმე ავადმყოფობით ან გარდაცვალებით მიღებული ტრავმით, მეორე მხრივ, თანამედროვე სოციუმში ახალგაზრდობის კულტივირებით ფორმირებული ფობიები, საკუთარი ასაკის მიუღებლობით, სიბერის პირველსავე ნიშნებზე შფოთვითა და პანიკური შეტევით, მოხუცებთან კონტაქტს მორიდებით და მათ მიმართ ზიზღით, აგრესიით ვლინდება.
* ოფიდიოფობია და არაქნოფობია - გველების და ობობების შიშია, რომელიც ბავშვობის ტრავმული გამოცდილებით - ობობის არასასიამოვნო შეხებით ან გველის ნაკბენით ვითარდება, ისე როგორც ცონოფობია ანუ ძაღლების შიში. ცოცხალი არსებების შიშებად კლასიფიცირებული ფობიები იდენტური სიმპტომებით - პანიკური შეტევით და ტაქიკარდიით, ძლიერი ოფლიანობითა და გულისრევის შეგრძნებით ვლინდება.
* აკროფობია - სიმაღლის შიშია, რომელიც ერთი მხრივ, ვესტიბულური აპარატის (წონასწორობის ორგანოს) დარღვევის ფონზე ვითარდება, როცა ვიზუალური ორიენტირების სიმცირის გამო ტვინი არასწორად აღიქვამს სივრცეს, მეორე მხრივ, სიმაღლიდან ჩამოვარდნის ტრავმული გამოცდილებით. აკროფობია მეტწილად უფსკრულში ჩავარდნის შეგრძნებით, თავბრუსხვევითა და წონასწორობის დაკარგვით ხასიათდება.
* აეროფობია - ფრენის, თვითმფრინავით მგზავრობის პათოლოგიური შიშია, რომელსაც სიმაღლის, დახურული სივრცისა (კლაუსტროფობიის) და კონტროლის დაკარგვის შფოთვა პროვოცირებს, მით უფრო, თუ ადამიანს წარსულში ჰქონდა ტრავმული გამოცდილება. აეროფობია მწვავე ფიზიოლოგიური სიმპტომებით - თვითმფრინავის აფრენისას და დაფრენისას პანიკური შეტევით, გულისცემის აჩქარებით და სუნთქვის გაძნელებით, კიდურების კანკალითა და გულისრევის შეგრძნებით ვლინდება, რაც ადამიანს თვითმფრინავით მგზავრობაზე საერთოდ უარის თქმას აიძულებს.
* კლაუსტროფობია - დახურული, ვიწრო ან შეზღუდული სივრცის შიშია, რომელიც ერთი მხრივ, ტვინის ლიმბური სისტემის ნაწილის, ნუშისებრი სხეულის - ამიგდალას ჰიპერაქტიურობის წყალობით ვითარდება, მეორე მხრივ, წარსულის ისეთი მტკივნეული გამოცდილებით, როგორიც ლიფტში, გვირაბში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჭედვა, პატარა ოთახში ჩაკეტვა ან ხალხმრავლობაში მოყოლაა. თუმცა, ფობიის მიზეზი ტომოგრაფიის (MRI) აპარატით კვლევის ჩატარება და ზედმეტად ვიწრო ტანსაცმლის მორგებაც შეიძლება გახდეს, რაც მეტწილად მომენტალური პანიკური შეტევით, ჰაერის უკმარისობითა და გაგუდვის შეგრძნებით, ტაქიკარდიით, ძლიერი ოფლიანობით და კიდურების კანკალით ვლინდება.
* აგორაფობია - ღია სივრცის შიშია, რომლის განვითარებას გენეტიკური წინასწარგანწყობა, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი და პანიკური შეტევის მძიმე გამოცდილება პროვოცირებს. აგორაფობია ხალხმრავალ ადგილებში, ღია სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვლინდება თავბრუსხვევითა და გულისცემის აჩქარებით. მეტიც, გონების დაკარგვის შიშით აგორაფობები სახლიდან მარტო გასვლასაც ერიდებიან, "უსაფრთხო თავშესაფარში" ამჯობინებენ დარჩენას და ხშირად წლობით უწევთ სახლში გამოკეტვა.
* აკვაფობია (ჰიდროფობია) - წყლის შიშია, რომელიც არა მხოლოდ მასიურ წყალსატევებთან - ზღვასთან, მდინარესთან ან ტბასთან, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში - შხაპის მიღებისას, წვიმაში ან სახეზე წყლის წვეთების მოხვედრისას ვლინდება უმართავი პანიკით, ჰაერის უკმარისობითა და დახრჩობის შეგრძნებით.
* მეგალოფობია - მასშტაბური ობიექტების (შენობების, ქანდაკებების, მონუმენტების) შიშია, როცა დათრგუნული ტვინი პოტენციალურ საფრთხედ აღიქვამს გიგანტური ობიექტს და უმწეობის, უსუსურობის განცდას უჩენს ადამიანს, რომელსაც ეჩვენება, თითქოს ძეგლი გადმოვარდება და აუცილებლად გაჭყლიტავს. მასიური ობიექტის ჩამოწოლით ან მასთან შეჯახებით განცდილი სტრესის ფონზე განვითარებული მეგალოფობია - პანიკური შეტევითა და თავბრუსხვევით, ორიენტაციის სრული დაკარგვით, დროებითი პარალიზებით და ერთ ადგილას გაშეშებით ვლინდება.
* ასტრაფობია - ჭექა-ქუხილის და ელვის შიშია, რომელიც ნერვული სისტემის მომატებული მგრძნობელობის ან სტიქიური უბედურების მძიმე გამოცდილების ფონზე ვითარდება და მომენტალური პანიკური შეტევით, გულისცემის აჩქარებით, კანკალით და ქოშინით, ასევე სპეციფიკური ქცევით - ფანჯრებზე ფარდების გამალებული ჩამოფარებით, კარადაში, საწოლის ქვეშ დამალვით და ამინდის პროგნოზის ობსესიური შემოწმებით ვლინდება.
* ნიქტოფობია - სიბნელის ან ღამის პანიკური შიშია, რომელიც ბავშვობის ტრავმის, განსაკუთრებით დასჯის მიზნით ბნელ ოთახში ჩაკეტვით ვითარდება, ვიზუალური ინფორმაციის სიმწირის გამო, ტვინის მიერ გარემოს დეფორმირებულად აღქმის ფონზე კი, ერთი-ორად მწვავდება. ნიქტოფობს არა მხოლოდ "უხილავი საფრთხის" ეშინია, არამედ ყველგან აჩრდილები ეჩვენება, რომლებიც მის დახრჩობას ცდილობენ, ამიტომ ანთებული სინათლით სძინავს და მაქსიმალურად ერიდება ღამით ქუჩაში გასვლას.
* ტრიპანოფობია - ნემსის, ინექციის და სამედიცინო პროცედურების შიშია, რომელიც ტკივილისადმი მომატებული მგრძნობელობით, ბავშვობის ტრავმული გამოცდილებით ყალიბდება და ტაქიკარდიით, თავბრუსხვევითა და გონების დაკარგვით, ძლიერი შფოთვითა და კიდურების კანკალით ვლინდება ვაქცინაციის ან ნებისმიერი სხვა სამედიცინო პროცედურის ჩატარებისას.
* ჰემატოფობია - სისხლის პათოლოგიური შიშია, რომლის განვითარებას ნერვული სისტემის სპეციფიკური რეაქტიულობა და ტრავმული გამოცდილება - მძიმე ფიზიკური დაზიანება ან გადატანილი ოპერაცია პროვოცირებს. სხვა ფობიებისგან განსხვავებით, ჰემატოფობია ორფაზიანი რეაქციით - ჯერ გულისცემის აჩქარებით და არტერიული წნევის მატებით, მერე კანის გაფერმკრთალებით, თავბრუსხვევითა და ღებინებით, ზოგჯერ გონების დაკარგვით ხასიათდება.
* მიზოფობია (სისუფთავის მანია) - მიკრობების და ბაქტერიების, დაბინძურების და დაინფიცირების შიშია, რომელიც ობსესიურ-კომპულსური აშლილობის თანმდევად ითვლება, ისე როგორც ატაქსოფობია - უწესრიგობის და არეულობის შიშით გამოწვეული, იდეალური სისუფთავის, ორგანიზებულობის პათოლოგიური მოთხოვნილება და ასიმეტრიფობია - ნივთების ასიმეტრიულად განლაგების შიში, როცა მათი უწესრიგობა ადამიანს ყველაფრის ზუსტი თანამიმდევრობით დალაგებას აიძულებს, რადგან სჯერა, რომ ქაოსი აუცილებლად უბედურებას მოუტანს. მიზოფობია გენეტიკური წინასწარგანწყობის ან ბავშვობაში, ოჯახის წევრების ნევროტული აკურატულობის ფონზე ვითარდება და ხელების მანიაკალური სიხშირით ბანვით, ანტისეპტიკური საშუალებების ჭარბი გამოყენებით და პანიკური შეტევით ვლინდება ნებისმიერ დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებისას.
* ტრიპოფობია - ნერვული რეაქციაა მცირე კლასტერულ ხვრელებზე (ფუტკრის ფიჭაზე, ქვეწარმავლის ორნამენტზე, ბუშტუკოვან შესაფუთ პარკსა და საპნის ქაფზე). კვლევების თანახმად, ტრიპოფობია არა იმდენად კლასიკური შიში, რამდენადაც ზიზღის შეგრძნებაა, როცა გამაღიზიანებელს ტვინი არა რეალურ ორგანიზმად, არამედ ინფექციურ დაავადებად ან ტოქსიკურ პარაზიტად აღიქვამს და მომენტალური ქავილით, კანზე „ჭიანჭველების ცოცვის" შეგრძნებით, თავბრუსხვევითა და ღებინებით პასუხობს.
* თანატოფობია - საკუთარი და ახლობლების გარდაცვალების ქრონიკული შფოთვაა, რომელიც სინამდვილეში, არა იმდენად ფიზიკური სიკვდილის, რამდენადაც მოვლენებზე კონტროლის დაკარგვის ქვეცნობიერი შიშია. თანატოფობია მეტწილად, სასაფლაოზე, დაკრძალვის ცერემონიისა და რელიგიური რიტუალების დროს ვლინდება, თუმცა ფობიით შეპყრობილს სიკვდილზე ფიქრი და საუბარიც აფრთხობს, რასაც პანიკური შეტევით და ტაქიკარდიით, ჯანმრთელობის მანიაკალური კონტროლითა და არარსებული დაავადებების გამოგონებით (ჰიპოქონდრიით) პასუხობს.
* კოულროფობია - მასხარების შიშია, რომელსაც არაბუნებრივი სახის ნაკვთები, ნიღბისებრი მაკიაჟი და ხელოვნური ღიმილი პროვოცირებს. ტვინს სტატიკური ნიღბით დამალული ემოციების, რეალური ზრახვების ამოცნობა უჭირს, ამიტომ მხოლოდ საფრთხეს ხედავს, რომელსაც პანიკური შეტევით, გულისცემის აჩქარებითა და შეუკავებელი კანკალით პასუხობს, მით უფრო, რომ ადამიანს ერთნაირად ეშინია როგორც ცოცხალი მასხარების, ისე ვირტუალური პერსონაჟებისა და გრაფიკული გამოსახულებების.
* გლოსოფობია - საჯაროდ საუბრის, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის შიშია, როცა ადამიანს გარშემომყოფთა კრიტიკა და ნეგატიური შეფასება, დაცინვა და საჯაროდ თავის შერცხვენა აფრთხობს. მსგავს გამოწვევებს გლოსოფობი ყოველთვის გულისცემის აჩქარებით, ხმის კანკალით ან საერთოდ დაკარგვით, პირის სიმშრალითა და კუჭ-ნაწლავის სპაზმით პასუხობს.
* მონოფობია (აუტოფობია ან იზოლოფობია) - იზოლაციის და მარტოობის აკვიატებული შიშია, როცა ადამიანს ერთი საათითაც უჭირს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რადგან უმწეობის და მიტოვებულის განცდასთან ერთად უსაფრთხოების შეგრძნებასაც კარგავს და შიშობს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ვერავინ შეძლებს მის დახმარების. მშობლების მიერ დიდი ხნით მარტო დატოვების და ემოციური უგულებელყოფის, ახლობლის მოულოდნელად დაკარგვისა და შფოთვისადმი გენეტიკური მიდრეკილების ფონზე, ბავშვობაში განვითარებული კომპლექსი, ზრდასრულ ასაკში მარტო დარჩენის შიშით, სოციალური სივრცეების მანიაკალური ძიებითა და მუდმივად ფონური ხმაურის (ტელევიზორის, ქუჩიდან ხალხის საუბრის) მოთხოვნილებით ვლინდება. მეტიც, მარტოობისგან თავის დასაღწევად მონოფობები ხშირად ტოქსიკურ ურთიერთობასაც თანხმდებიან არაჯანსაღი მიჯაჭვულობით.
* სოციოფობია (სოციალური შფოთვითი აშლილობა) - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ზედმეტი ყურადღების და ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და საჯაროდ მარცხის განცდის შიშია, რომლის განვითარებას ერთი მხრივ, ზედმეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემა და ტვინში ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი, მეორე მხრივ, ბავშვობის ტრავმული გამოცდილება - თანატოლების დაცინვა და მშობლების კრიტიკა ან პირიქით, ჰიპერმზრუნველობა უწყობს ხელს. სოციალური ფობია მეტწილად ხალხმრავლობაში ვლინდება სახის აწითლებითა და დაბნეულობით, მეტყველების დარღვევით, გულისცემის აჩქარებითა და კუნთების დაჭიმვით. მეტიც, სოციოფობს უცხოებთან საუბარი და მათი თანდასწრებით საკვების მიღებაც დისკომფორტს უქმნის, ამიტომ იზოლაციას ამჯობინებს და მაქსიმალურად ერიდება სოციალურ აქტივობებს.
* ფობოფობია - თავად ფობიით გამოწვეული პანიკური შეტევის განმეორების შიშია, როცა ორგანიზმის რეაქცია - ტაქიკარდია, თავბრუსხვევა და ჰაერის უკმარისობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა ადამიანისთვის, რომ ქვეცნობიერმა მსგავსი სიმპტომები მომაკვდინებელ საფრთხედ აღიქვა. ფობოფობია მუდმივი დაძაბულობით, თვითდაკვირვებით და სხეულის სიგნალების კონტროლით ვლინდება, რაც ხშირად მორიგი პანიკურ შეტევის მიზეზი ხდება.
ყველაზე გავრცელებული მანიები
მართალია, ყოველდღიურ ცხოვრებაში მანია - ქცევის, იდეის, საგნის ან პროცესის მიმართ ავადმყოფურ, აკვიატებულ მიდრეკილებას გულისხმობს, მაგრამ მედიცინაში ბევრად ფართო მნიშვნელობა აქვს და ერთი მხრივ, შინაგანი შფოთვის დათრგუნვის მეთოდს, მეორე მხრივ, დოფამინის (სიამოვნების ჰორმონის) სწრაფი მიღების საშუალებას წარმოადგენს. მანია ანუ აქტიური აკვიატებული მოქმედება, რადიკალურად განსხვავდება პასიური შიშისგან ანუ ფობიისგან და შინაგანი განცდისგან ანუ კომპლექსისგან.
* აბულომანია - პათოლოგიური მერყეობა, ნებისყოფის პარალიზება და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა, რომელიც ტვინის შუბლისწინა ქერქის ბიოლოგიური დარღვევების ან გარემო ფაქტორების, მათ შორის, ზედმეტად მკაცრი, ავტორიტარული ან ჰიპერმზრუნველი მშობლების გავლენით ვითარდება, რაც ადამიანს საკუთარი ნების გამოვლენის შესაძლებლობას ართმევს. აბულომანია მარტივი არჩევანის გაკეთების უუნარობით და ობსესიური ყოყმანით, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებითა და სხვებზე პათოლოგიური დამოკიდებულებით ვლინდება, რის გამო ადამიანი, რომელიც სრულიად უმწეოდ გრძნობს თავს, ქრონიკულ სტრესსა და დეპრესიას განიცდის.
* მეგალომანია (განდიდების მანია) - ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობაა, როცა ადამიანი აზვიადებს და ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ შესაძლებლობებს, ძალაუფლებას, ინტელექტსა და ავტორიტეტს. ემოციური ტრავმით პროვოცირებული მეგალომანია, რომელიც სინამდვილეში, არასრულფასოვნების კომპლექსისა და დაბალი თვითშეფასების კომპენსირების ერთადერთი საშუალებაა, ყოველთვის გრანდიოზული ფანტაზიებით და ილუზიებით ვლინდება, ადამიანს არა მხოლოდ საკუთარი სიდიადის და უნიკალურობის სჯერა, არამედ ქედმაღლური, დამამცირებელი დამოკიდებულება აქვს სხვათა მიმართ, არ იღებს კრიტიკას და მანიაკალური სიჯიუტით მოითხოვს აღიარებას. მეტიც, ზოგჯერ მეგალომანს დევნის მანიაც იპყრობს, რადგან ჰგონია, რომ ადამიანებს მისი "სიდიადის" შურთ და აუცილებლად შეთქმულებას ამზადებენ მის წინააღმდეგ.
* პლუტომანია - ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის დაგროვების აკვიატებული, დაუძლეველი სურვილია, რომელიც მეტწილად მეგალომანიასთან კომბინაციაში ვითარდება, როგორც არასწორი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი, რადგან სწორედ ამ ფორმით ცდილობს ადამიანი არასრულფასოვნების კომპლექსის, ბავშვობის მატერიალური თუ ემოციური დეფიციტის და დაუცველობის განცდის კომპენსირებას. პლუტომანი მომხვეჭელობით და ფულის შოვნაზე ობსესიური ფიქრით, გრანდიოზული ფინანსური გეგმებითა და გამდიდრების ილუზიით, შეძლებული ადამიანების გაფეტიშებით და საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირებით ხასიათდება, რის გამო სრულად კარგავს რეალობის შეგრძნებას.
* მითომანია - ტყუილის თქმის აკვიატებული, დაუძლეველი სურვილია აშკარა სარგებლის, მატერიალური მოტივისა და პირადი ინტერესის გარეშე. მსგავსი მანია მოზარდობის ასაკში ყალიბდება დაბალი თვითშეფასების ფონზე, როცა ადამიანი გამოგონილი რეალობით ცდილობს არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევას და სოციალური სტატუსის განმტკიცებას. მითომანი ყოველთვის წარმოუდგენელ ისტორიებს იგონებს განსაკუთრებული დრამატიზმით, დეტალების დაზუსტებით და ჩვეულებრივი მატყუარასგან განსხვავებით, გულწრფელად სჯერა საკუთარი გამონაგონის, ამიტომ მწვავედ განიცდის მხილებას და ყოველთვის აგრესიულად უარყოფს რეალობას.
* არითმომანია - ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სპეციფიკური ფორმაა, რომელიც საგნების და მოქმედებების დათვლის აკვიატებული სურვილით ვლინდება. არითმომანია, ტვინის სტრუქტურებს შორის კავშირის დარღვევისა და სეროტონინის დისბალანსის, გენეტიკური წინასწარგანწყობისა და ქრონიკული შფოთვის ფონზე ვითარდება, როცა თვლის პროცესი მოვლენებზე კონტროლის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად იქცევა. არითმომანი ყველაფერს ითვლის საგნების (ჩავლილი მანქანების, სახლის ფანჯრების, გავლილი ნაბიჯების, წაკითხული სიტყვების) და მოქმედებების (სინათლის ანთებისა და ჩაქრობის, ონკანის მოშვებისა და ხელების დაბანის) ჩათვლით მკაცრად განსაზღვრულ, "იღბლიან" რიცხვამდე, დათვლის იძულებით შეწყვეტის ან შეცდომის დაშვების შემთხვევაში კი, თავიდან იწყებს მთელ რიტუალს.
* სილოგომანია - უსარგებლო, დაზიანებული ნივთების შეგროვების აკვიატება და მათი გადაყრის უუნარობაა, რომელიც ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ან ბავშვობაში განცდილი მატერიალური დეფიციტის ფონზე ვითარდება, რადგან ძველმანების დაგროვება ადამიანისთვის დაცულობის და შფოთვისგან გათავისუფლების ერთადერთ საშუალებად იქცევა. სილოგომანი ყოველთვის სახლში აგროვებს "ნადავლს" და ნამდვილ ნაგავსაყრელად აქცევს საცხოვრებელს, სადაც ნორმალურ ადამიანს რამდენიმე წუთითაც უჭირს გაჩერება, თვითონ კი, საოცრად კომფორტულად გრძნობს თავს.
* კლეპტომანია - ნივთების ქურდობის დაუძლეველი იმპულსია, როცა მთავარი არა ნივთის ფასეულობა, არამედ თავად პროცესია, მით უფრო, რომ მოპარული ნივთი ადამიანს არც პირადი მოხმარებისთვის სჭირდება, არც მატერიალური სარგებლისთვის. მართალია, კლეპტომანიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მეცნიერების ვარაუდით, ის ტვინის ქიმიური დისბალანსის (სეროტონინისა და დოფამინის ნაკლებობის) და ნეიროტრანსმიტერული სისტემის დარღვევის, ქრონიკული სტრეისისა და დეპრესიის ფონზე ვითარდება. საინტერესოა, რომ ქურდობამდე კლეპტომანს შფოთვა და მზარდი შინაგანი დაძაბულობა იპყრობს, მოპარვის პროცესში - ძლიერ სიამოვნებას, შვებას და კმაყოფილებას გრძნობს, ქურდობის შემდეგ კი, დანაშაულის გრძნობა უჩნდება, რაც მოპარული ნივთების დამალვას ან სხვისთვის ჩუქებას აიძულებს.
* პირომანია - ცეცხლის გაჩენის დაუძლეველი სურვილი და ხანძრის ყურებით გამოწვეული სიამოვნებაა, რომელიც ერთი მხრივ, სეროტონინისა და დოფამინის დისბალანსით, მეორე მხრივ, ბავშვობის მძიმე ტრავმით, უმწეობის შეგრძნებითა და კომუნიკაციის დეფიციტით ვითარდება, როცა ცეცხლი ძალაუფლებისა და ემოციური განტვირთვის ერთადერთ ინსტრუმენტად იქცევა. მართალია, ცეცხლის გაჩენამდე პირომანი საშინლად ითრგუნება, მაგრამ ხანძრის დროს და მისი დამანგრეველი შედეგების ყურებისას საოცარ შვებასა და სიამოვნებას გრძნობს. სხვათა შორის, პირომანები ყოველთვის აქტიურად ინტერესდებიან მეხანძრეების საქმიანობით, სისტემატურად სტუმრობენ ხანძრის ადგილებსა და სახანძრო სადგურებს.
* გრაფომანია - წერის აკვიატებული მოთხოვნილება და უაზრო, უშინაარსო ტექსტების წერაა, როცა ადამიანისთვის წერის პროცესია მნიშვნელოვანი და არა შედეგი ან ხარისხი. გრაფომანია სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის - შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობის, ორგანული ფსიქოზების ფონზე ყალიბდება და ჯერ მოცულობითი ტექსტების (წიგნების, წერილების, საჩივრების, პოსტების) წერით, მერე საკუთარი "შემოქმედებისადმი" არაადეკვატური აღფრთოვანებით, სხვებისთვის საკუთარი ნაშრომების გაცნობის იძულებით და ნებისმიერი კრიტიკის აგრესიული უარყოფით ხასიათდება.
* ონიომანია (შოპოჰოლიზმი) - შოპინგის, ფულის ხარჯვის დაუძლეველი სურვილი და ნივთების უაზროდ, უკონტროლოდ ყიდვის აკვიატებაა შფოთვის შესამსუბუქებლად, განურჩევლად იმისა, სჭირდება თუ არა ადამიანს შეძენილი ნივთი ან აქვს თუ არა საკმარისი თანხა. ონიომანია ტვინის ნეიროქიმიური დისბალანსის ფონზე ვითარდება, როცა შოპინგი სტრესის დაძლევის, სიამოვნების მიღებისა და ემოციური სიცარიელის შევსების ერთადერთ მექანიზმად იქცევა. ჩვეულებრივ, ონიომანია მაღაზიაში ან ვიზიტის წინ მზარდი შფოთვითა და აგზნებით, ყიდვის მომენტში კი, ეიფორიითა და უზომო ბედნიერებით გამოიხატება, თუმცა, მალევე იცვლება სინანულითა და დანაშაულის გრძნობით.
* ეროტომანია (დე კლერამბოს სინდრომი) - იშვიათი ბოდვითი აშლილობაა, როცა ადამიანს მტკიცედ სჯერა, რომ ბევრად მაღალი სტატუსის, ცნობილი ან სრულიად უცხო პირია მასზე ფარულად შეყვარებული. ეროტომანიას მეტწილად შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და ძლიერი დეპრესია პროვოცირებს მარტოობისა და სოციალური იზოლაციის, დაბალი თვითშეფასებისა და ემოციური ტრავმების დასაძლევად. არარსებული სასიყვარულო მინიშნებებისა და ტელეპათიური სიგნალების ობსესიური ძიებით შეპყრობილი ეროტომანი, რომელიც წერილებით, საჩუქრებით ავსებს ილუზორულ შეყვარებულს, არც მის თვალთვალს ერიდება, უარყოფის შემთხვევაში კი, გულგრილობასაც სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნევს, თუმცა ზოგჯერ, ინდიფერენტულობას აგრესიითა და საკმაოდ სახიფათო ქცევით პასუხობს.
* კლინომანია - საწოლში წოლის აკვიატებული სურვილია, რომელიც მეტწილად კლინიკური დეპრესიის, ქრონიკული შფოთვისა და ემოციური გამოფიტვის დროს ვითარდება, როგორც რეალობისგან გაქცევის და უსაფრთხო თავშესაფარში დამალვის მექანიზმი. კლინომანები საათობით, ზოგჯერ რამდენიმე დღის მანძილზე "გორაობენ" ლოგინში ყოველდღიური მოვალეობებისა და სოციალური კონტაქტების იგნორირებით, რაც ხშირად ძლიერი აპათიით, დანაშაულის გრძნობითა და უმწეობის შეგრძნებით მძიმდება.
* დრომომანია - ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ადამიანს სახლიდან გაქცევას, ხეტიალს და მუდმივად საცხოვრებლის შეცვლას აიძულებს. შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობისა და ეპილეფსიის ერთ-ერთ სიმპტომად მიჩნეული დრომომანიის განვითარებას მძიმე ტრავმა და სტრესი, ოჯახურ კონფლიქტებსა და პასუხისმგებლობას გაქცევის სურვილი პროვოცირებს. დრომომანი სპონტანურად, კონკრეტული მიზნისა და მიზეზის გარეშე ტოვებს სახლს, სამსახურს და ვერ აცნობიერებს, რომ ამგვარი ქცევით არა მხოლოდ კარიერას, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეს უქმის, მით უფრო, რომ მანიის უკიდურესი კლინიკური გამოვლინების - ე.წ. "ამნეზიური გაქცევის" დროს ადამიანი, რომელიც საკმაოდ შორ მანძილზე გადაადგილდება, დროებით კარგავს იდენტობის აღქმას და ვერ იხსენებს როგორ ან რატომ აღმოჩნდა უცხო ადგილას.
* ტრიქოტილომანია და ონიჰოტილომანია - ტრიქოტილომანია - საკუთარი თმისა და წვერის, წარბებისა და წამწამების მუდმივი წვალების, ონიჰოტილომანია კი - ფრჩხილების, მის გარშემო კანის კვნეტის ავადმყოფური აკვიატებაა, რომელიც სეროტონინისა და დოფამინის დისბალანსის, გენეტიკური წინასწარგანწყობის, ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე ვითარდება და დამშვიდების, ნერვული განტვირთვის ერთადერთ მექანიზმად იქცევა. მანიები ერთგვარი "პრელუდიით" - შინაგანი დაძაბულობით, ქავილის შეგრძნებით იწყება და დროებითი შვებით გრძელდება, თუმცა სიამოვნება მალევე იცვლება სირცხვილითა და დანაშაულის გრძნობით, რადგან ადამიანს ესთეტიკური დეფექტების - ფრაგმენტული გამელოტების, დასისხლიანებული და დეფორმირებული თითების დამალვა ან სოციუმისგან იზოლირება უწევს. ანალოგიური აკვიატებაა დერმატოლომანია - სახეზე, ხელებსა და ტანზე უმნიშვნელო მუწუკების, ფუფხების კვნეტა და კაწრვა, რადგან სწორედ თვითდაზიანებით ცდილობს ადამიანი ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას, დროებითი შვებისა და კმაყოფილების მოპოვებას.
* ფაგომანია - საკვების მიღების პათოლოგიური, კომპულსიური მოთხოვნილებაა არა შიმშილის, არამედ სტრესის დასაძლევად. ამგვარ მანიას ერთი მხრივ, დოფამინის დისბალანსი, მეორე მხრივ, შფოთვა, ღრმა დეპრესია და ემოციური სიცარიელე პროვოცირებს, როცა საკვები თავდაცვის მექანიზმად და სიამოვნების მიღების ერთადერთ საშუალებად იქცევა. ფაგომანია საკვებზე აკვიატებული ფიქრით, დანაყრების მიუხედავად ჭამის მოთხოვნილებით და ზედმეტი საკვების მიღებით ვლინდება, რადგან ადამიანი მხოლოდ ჭამის დროს გრძნობს შვებას, თუმცა მოგვიანებით, მსგავსი ნაყროვანება აუცილებლად დანაშაულის გრძნობით, სინანულითა და ფიზიკური დისკომფორტით იცვლება.
* ჯანსაღი კვების მანია ანუ ორთორექსია - "სუფთა პროდუქტით" კვების პათოლოგიური აკვიატებაა, რომელსაც სარგებლის ნაცვლად მხოლოდ ზიანი - კვებითი ქცევის დარღვევა მოაქვს. ორთორექსია ერთი მხრივ, ნერვული აშლილობის და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის შიშით, მეორე მხრივ, პერფექციონიზმის დევნითა და სოციალური მედიაში კულტივირებული ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენით ვითარდება და ნამდვილ მანიას ემსგავსება, რადგან ილუზორულ შვებასა და სიმშვიდეს ადამიანი მხოლოდ საკვების ხარისხის კონტროლით - პროდუქტის შემადგენლობის, ეტიკეტის ობსესიური შესწავლით და რაციონიდან "მავნე" ცხიმების, ნახშირწყლებისა და ხელოვნური დანამატების რადიკალური ამოღებით მოიპოვებს.
* მუშაობის მანია ანუ ვორკაჰოლიზმი - მუშაობაა დასვენებისა და პირადი ცხოვრების უგულებელყოფის ხარჯზე არა ეკონომიკური ან პროფესიული აუცილებლობის, არამედ შინაგანი სიცარიელის შესავსებად. ვორკაჰოლიზმი დაბალი თვითშეფასების, შფოთვისა და კლინიკური დეპრესიის ფონზე ვითარდება, როცა მუშაობა მარტოობისა და ოჯახური კონფლიქტებისგან, პირადი პრობლემებისა და ემოციური ტრავმებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ხდება. მანია გამუდმებით საქმეზე ფიქრით ვლინდება ჯანმრთელობისა და ახლობლებთან ურთიერთობის სრული იგნორირებით. მეტიც, მუშაობის იძულებითი შეწყვეტის შემთხვევაში ვორკოჰოლიკი საშინლად ღიზიანდება, მძიმე სტრესს განიცდის და დანაშაულის გრძნობა უჩნდება, რაც საბოლოოდ პროფესიული გადაწვით, ემოციური გამოფიტვითა და სერიოზული ფსიქოსომატური პრობლემებით სრულდება.
* ეჭვიანობის მანია ანუ ოტელოს სინდრომი - მძიმე ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობაა, როცა ადამიანი რეალური მტკიცებულებისა და ლოგიკური საფუძვლის გარეშე ადანაშაულებს პარტნიორს ღალატში. მანიაკალური ეჭვიანობა დამოუკიდებელ ბოდვით აშლილობადაც შეიძლება ჩაითვალოს და სხვა დაავადებების - შიზოფრენიის, ალკოჰოლური ფსიქოზისა და დემენციის თანმდევადაც. მსგავსი მანიით შეპყრობილი ყოველთვის მძიმე არასრულფასოვნების კომპლექსითა და პათოლოგიური მესაკუთრეობით გამოირჩევა, პარტნიორის დაკარგვის პანიკური შიში კი, მის ტოტალურ კონტროლს, "ღალატის" არარსებული მტკიცებულებების მანიაკალურ ძიებას და დამახინჯებულად ინტერპრეტირებას აიძულებს, რაც ხშირად აგრესიითა და ფიზიკური ძალადობით გრძელდება.
ფსიქიკური აშლილობა თუ ხასიათის თავისებურება
მოსაზრება, თითქოს კომპლექსები, ფობიები და მანიები მძიმე ფსიქიკურ დაავადებებს, მათ შორის, შიზოფრენიასა და კლინიკური პარანოიის პროვოცირებენ, ნაწილობრივ გამართლებულია. მართალია, შიზოფრენია - მძიმე ფსიქიკური დაავადებაა, რომლის მიზეზი ვერასდროს გახდება სიმაღლის შიში ან არასრულფასოვნების კომპლექსი, მაგრამ გენეტიკური მიდრეკილების ფონზე, წლების მანძილზე ფობიებით დამძიმებული ქრონიკული სტრესი თავისუფლად შეიძლება იქცეს ერთგვარ ბიძგად "მიყუჩებული" ფარული დაავადების გამოსავლენად. ბევრად რეალურია მსგავსი პათოლოგიების კავშირი პარანოიასა და ბოდვით აშლილობასთან. მაგალითად, პათოლოგიური ეჭვიანობა ან მეგალომანია კლინიკური პარანოიის განვითარებას უწყობს ხელს, რადგან ადამიანს თვითონვე სჯერა საკუთარი გამონაგონის. ამასთანავე, შესაბამისი მკურნალობის გარეშე მსგავსი შიშები და აკვიატებები ისეთ სერიოზულ დაავადებებს იწვევენ, როგორიც კლინიკური დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, გენერალიზებული შფოთვა და ემოციური გამოფიტვაა.





