შეიძლება თუ არა, ომი იყოს სამართლიანი?

ფოტო: Getty Images
ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი და ტრაგიკული მოვლენაა. საომარი მოქმედებების დაწყების მიზეზიც, რა თქმა უნდა, არ ილევა. როგორც წესი, თავდამსხმელი ქვეყანა თავის ქმედებებს სამართლიანობის პრინციპით ამართლებს. კერძოდ, რუსეთი ომის დაწყების მიზეზად უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეების „დაცვას“ ასახელებს. აღნიშნული სპეკულაციის ფონზე, აქტუალური გახდა კითხვა, რამდენად შესაძლებელია, რომ ზოგადად, ომი იყოს სამართლიანი? ამ კითხვით ონლაინ გამოცემა „მედუზამ“ ფრანგ ფილოსოფოსს, სამხედრო და პოლიტიკური ეთიკის ექსპერტსა და ოქსფორდის All Souls College-ის უფროს თანამშრომელს, სესილი ფაბრს მიმართა.
საერთოდ რატომ არსებობს სამხედრო ეთიკა? რისთვის არის საჭირო მისი ცოდნა და ვინ განსაზღვრავს, რა არის ეთიკური და რა - არა?
ადამიანების უმეტესობას რომ ჰკითხოთ, ომში მყოფ ჯარისკაცებს არ აქვთ უფლება, უდანაშაულო მოქალაქეები მოკლან, მაგრამ მათ შეუძლიათ, მტრის მხარეს მებრძოლი სამხედრო პირი სასიკვდილოდ გაიმეტონ. ზოგჯერ უმრავლესობის წარმოდგენები მცდარია და სწორი მიმართულებით მსჯელობამდე იშვიათად მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, სამხედრო კონფლიქტებში ეთიკის შესწავლის ერთ-ერთი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მოსაზრებები ომის სამართლიანობისა თუ უსამართლობის შესახებ მართებულია.
სესილი ფაბრის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ იმიტომ, რომ ზოგადად, ადამიანებმა ერთმანეთს სიმართლე უნდა უთხრან. მეორე მხრივ კი, როდესაც ჯარი ომში მიდის, ეს ხდება მთავრობის ბრძანებით, რაც მოქალაქეთა სახელით კეთდება. შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ თავისი ქვეყნის ჯარისკაცებს მისცეს იმის უფლება, თუ რა შეუძლიათ აკეთონ საომარი მოქმედებების დროს. ისინი ხომ იბრძვიან (ან ამბობენ, რომ იბრძვიან) რიგითი მოქალაქეების დასაცავად. გარდა ამისა, ომის დროს ან მის შემდეგ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მტრის ჯარისკაცების დასჯა, რომლებმაც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. იქამდე კი თავად მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, იყო თუ არა მათი ქმედებები მორალურად არასწორი.
სწორედ აქ ისმის შემდეგი კითხვა: ვინ განსაზღვრავს, რა არის ეთიკური და რა- არა? სესილი ფაბრის ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთში ადამიანთა გარკვეული კატეგორია და განსაკუთრებით, პრეზიდენტი პუტინი თვლის, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში სწორი იყო. მეორე მხრივ, უკრაინის პოზიცია ცალსახაა - ეს იყო სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაში შეჭრა. მაშ ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს? სესილი ფაბრის თქმით, პასუხი ადამიანის შეხედულებების მორალურ ბუნებაზეა დამოკიდებული. „მე ვარ ერთ-ერთი იმ ფილოსოფოსთაგანი, ვისაც სჯერა, რომ მსოფლიოში არის რაღაცები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში მორალურად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია მორალურად არასწორი ქმედებაა“,- ამბობს ექსპერტი.
აღნიშნული შეხედულებით, სესილი ფაბრი გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ნორმების უმეტესობა, რომელთაც ის, როგორც მოქალაქე და როგორც ფილოსოფოსი მხარს უჭერს, ომის კანონებშია გაწერილი. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ გაეროს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, ომის კანონები დაიცვან. „ განსხვავებულ კულტურებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ ჯარისკაცებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცონ, მიზანმიმართულად დაარტყან ისეთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საავადმყოფოები ან სკოლები. ეს მორალურად არასწორია და ომის დანაშაულად ითვლება. მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობა ომს სამართლიანს უწოდებს, ეს რეალობას არ ცვლის“, - განმარტავს ექსპერტი.
არსებობს თუ არა უფრო დეტალური მორალური და ეთიკური კრიტერიუმები, რომლებიც საომარ მოქმედებებს დასაშვებს ხდის?
სესილი ფაბრის განმარტებით, ასეთი კრიტერიუმები დასავლეთის ქვეყნებში ნამდვილად ჩამოყალიბებული და ასახულია შესაბამის დოკუმენტაციაში, თუმცა - არამარტო იქ. სამართლიანი ომის კრიტერიუმებში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ომი სამართლიანად ჩაითვლება, თუ მას საფუძვლიანი მიზეზი აქვს. როგორც წესი, ომის სამართლიან მიზეზად გაუმართლებელი სამხედრო აგრესიისგან საკუთარი ქვეყნის დაცვა ითვლება. არსებობს ომების სხვა მიზეზებიც, რომლებიც ლეგიტიმურად არის აღიარებული. მაგალითად, ასეთია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა გენოციდისგან საკუთარი მთავრობის მიერ. ამ შემთხვევაში ეს ჰუმანიტარულ ჩარევად ჩაითვლება.
ომის სამართლიანობის სხვა კრიტერიუმებიც არსებობს. საომარი მოქმედებები ბოლო საშუალება უნდა იყოს, მხარეებმა ჯერ დიპლომატიური მოლაპარაკებები უნდა სცადონ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი კრიტერიუმია წარმატების რეალური შანსის არსებობა. სესილი ფაბრის განმარტებით, თუ ოდნავი შესაძლებლობა მაინც არსებობს საომარი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, ის აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული, რადგან როგორც წესი, ომს ჯარისკაცებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.
და ბოლოს კიდევ ერთი კრიტერიუმია ის, რომ ომი ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს. ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს არ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, ომი უნდა დაიწყოს თუ არა. „მიმდინარე ომის კონტექსტში ვისაუბროთ და დავუშვათ, რუსების დიდი ნაწილი ეთანხმება პრეზიდენტ პუტინის მოსაზრებას, რომ რუსეთს უკრაინიდან საფრთხე ემუქრებოდა. ისიც დავუშვათ, რომ პუტინმა 2022 წლის თებერვალში ომი არ გამოაცხადა. მაშინ „ლეგიტიმური უფლებამოსილების კრიტერიუმის“ მიხედვით, არასწორი იქნებოდა, თუ რუსეთის ათასობით მოქალაქე მართვის სადავეებს ხელში აიღებდა. ომი კანონიერია (ზოგიერთი მოსაზრებით, მორალური) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დაწყების გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები მიიღებენ“, - აცხადებს ფრანგი ექსპერტი.
ასევე არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავს რა არის დასაშვები ბრძოლის ველზე, როცა ომი უკვე დაწყებულია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ნონკომბატანტის (ყველა ის პიროვნება, ვინც არ შედის ამა თუ იმ მეომარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, აგრეთვე ის პირები, რომლებიც შედიან მასში მომსახურე პერსონალის სახით, მაგრამ საომარ მოქმედებაში არ მონაწილეობენ. მაგალითად, მედიცინის მუშაკები, ინტენდანტები) იმუნიტეტის პრინციპი. აქ ნათქვამია, რომ ჯარისკაცებს არ აქვთ მორალური და ლეგალური უფლება, უდანაშაულო მოქალაქეებს თავს დაესხან. სესილი ფაბრის თქმით, ამ უკანასკნელ კრიტერიუმსაც რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში თუ განვიხილავთ, აშკარაა, რომ კრემლის ინტერვენციის სამართლებრივი მიზეზების ძიება წმინდა წყლის სპეკულაციაა.





