შამათი ანუ მეფე მკვდარია! რა ელის „ჰეზბოლას“ ჰასან ნასრალას გარეშე?

ჰასან ნასრალა
ფოტო: Reuters
ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ჰასან ნასრალას დაღუპვამ „ჰეზბოლას“არა მხოლოდ უალტერნატივო ლიდერი, არამედ ფეხქვეშ მიწაც გამოაცალა, - ასეთია ანალიტიკოსთა უმრავლესობის მოსაზრება. „ის არ იყო უბრალოდ სიმბოლო. ნასრალა იყო ის, ვინც აღნიშნული დაჯგუფების სტრატეგიული და სამხედრო აზროვნების უკან იდგა. ეჭვგარეშეა, რომ მის სიკვდილს „ჰეზბოლასთვის“ სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - ამბობს ზეინა ჰოდრი, ბეირუთში მცხოვრები მიმომხილველი.
ნასრალას ოპონენტებიც კი, ისრაელსა თუ დასავლეთში, მას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის გამორჩეულ ფიგურად აღიარებენ. ის ხელმძღვანელობდა „ჰეზბოლას“ 32 წლის განმავლობაში, განსაზღვრავდა ამ დაჯგუფების პოლიტიკასა და სამხედრო სტრატეგიას, აძლიერებდა მას ირანის დახმარებით, თუმცა, ამასთანავე, თეირანისგან გარკვეულ ავტონომიას ინარჩუნებდა. „ის იყო ძალა, რომელიც ამ სწრაფად მზარდ ორგანიზაციას ამყარებდა“, - ამბობს BBC-სთან ინტერვიუში კარნეგის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი, მოჰამედ ჰაგე ალი. მისი აზრით, ნასრალას სიკვდილის შემდეგ, სიტუაცია ყველა დონეზე შეიცვლება - თავად დაჯგუფებით დაწყებული, ირანის ეგიდით მიმდინარე მთელ ანტიისრაელური კოალიციით დამთავრებული.
„ჰეზბოლას“ მორალური შემართება მორყეულია, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა?
ჰასან ნასრალა „ჰეზბოლას“ 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ დროს, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა მისი წინამორბედი აბბას მუსავი. ეს უკანასკნელიც შეუცვლელად ითვლებოდა. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ასეთი ორგანიზაციები შედარებით ადვილად პოულობენ ახალ ლიდერს, რომელიც შიდა წრეში დიდი ხნის განმავლობაში იწვრთნება იმ იდეოლოგიით, რომ ერთ დღესაც მან უნდა უხელმძღვანელოს დაჯგუფებას. როგორც წესი, ეს ასე ხდება და ნებსით თუ უნებლიედ, „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერის გამოცხადება მოუწევს. დაჯგუფების პირველ ნაბიჯზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ჩადგება კალაპოტში „ჰეზბოლა“ ნასრალას დაღუპვის შემდეგ. ექსპერტების აზრით, დაჯგუფების ყველაზე დიდი პრობლემა, ამ ეტაპზე, მისი წევრების სრული დემორალიზაცია იქნება.
ჰასან ნასრალას სიკვდილმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავის ადგილსამყოფელს ოსტატურად მალავდა, ისრაელის სამხედრო და დაზვერვის უპირატესობა გამოკვეთა. ბეირუთზე ავიადარტყმის შემდეგ, რომლის შედეგადაც ნასრალა დაიღუპა, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა. შესაძლოა, დაჯგუფებას ამით იმის ჩვენება უნდოდა, რომ მათი გატეხვა ასე ადვილი არის. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ დანაკარგი ძალიან დიდია. სრულმასშტაბიანი ომია გაჩაღებული და „ჰეზბოლას“ სტრუქტურის ჩამოსაშლელად და ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის ისრაელი ყველა შესაძლებლობას იყენებს“, - აცხადებს ლონდონის ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ფავაზ გერგესი. მისი აზრით, ჰასან ნასრალას სიკვდილის შემდეგ, რეგიონში დაჯგუფების გავლენა შემცირდება. „ეს შამათია! ჩვენ არ შევამსუბუქებთ ზეწოლას, ჩრდილოეთის საზღვრებთან ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ხალხი თავიანთ სახლებში, რომლებიც იძულებით დატოვეს და ამ მიმართულებით მივდივართ კიდეც. თუმცა „ჰეზბოლა“, ადრე თუ გვიან, ამ დარტყმისგან გაჯანსაღებას შეძლებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განუცხადა ისრაელის სამხედრო წყარომ BBC-ს.
სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური მომავალი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ჰეზბოლას“ სამხედრო პოტენციალი ჰასან ნასრალას სიკვდილით დაზარალდეს. ნასრალას შესაძლებლობები უმეტესწილად დამოკიდებული იყო ირანში მის პირად კავშირებსა და ავტორიტეტზე.
შესაბამისად, თეირანში კარგად ესმით, რომ მისი სიკვდილი არის სერიოზული დარტყმა ლიბანში ირანის გავლენის მასშტაბებსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ირანის სტრატეგიულ პოზიციებზე. „ჰეზბოლა“ არა მხოლოდ რადიკალური დაჯგუფებაა, არამედ - პოლიტიკური პარტია, რომელიც 2005 წლიდან ლიბანის მთავრობის შემადგენლობაშია და ამჟამად პარლამენტში 15 მანდატი აქვს.
2022 წლამდე, მოკავშირეებთან კოალიციის წყალობით, რომელშიც შედიოდა კიდევ ერთი რადიკალური პარტია „ამალი“, „ჰეზბოლას“ ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ქვეყანაში ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაკარგა. მიუხედავად ამისა, „ჰეზბოლას“ პოლიტიკური გავლენა ქვეყანაში მაინც დიდია.
ისრაელისა და დასავლეთის აზრით, ლიბანი, ფაქტობრივად, რადიკალების ტყვეობაშია. ამ მოსაზრებას ეთანხმება ბევრი ლიბანელი პოლიტიკოსი, რომლებიც „ჰეზბოლას“ ღიად უწიდებენ ტერორისტულ ორგანიზაციას. 2019 წლიდან ლიბანელებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვებმაც აჩვენა, რომ „ჰეზბოლას“ ქმედებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება მზარდია. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია დაჯგუფების ჩართულობა კორუფციულ სქემებში, მოსახლეობის დაშინება და ღრმა ეკონომიკური კრიზისის ერთგვარი ხელშეწყობა. შესაძლებელია, რომ ახლა ლიბანელი სუნიტები და ქრისტიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, შეეცადონ, დასუსტებული და დაბნეული „ჰეზბოლას“ პოლიტიკიდან გაყვანას. თუმცა, რა მექანიზმი შეიძლება იყოს გამოყენებულ ამისთვის, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ვინ არის ნასრალას მემკვიდრე?
„ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი აირჩია. ამიერიდან დაჯგუფებას ჰაშემ საფიადდინი უხელმძღვანელებს. ის ისრაელის ავიადარტყმის შედეგად მოკლული ჰასან ნასრალას ნათესავია და აქამდე „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და დაჯგუფების მეორე პირი იყო. ის „ჰეზბოლას“ პოლიტიკურ ფრთას კურირებს და დაჯგუფების „ჯიჰადის საბჭოს“ წევრია. 2017 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საფიდდინი ძებნილ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ის ისრაელს ესკალაციით არაერთხელ დაემუქრა და მოუწოდა მის მტრებს, „მოემზადონ ტირილისა და ქვითინისთვის“.
„ჰეზბოლასთან“ დაახლოებული წყაროების თანახმად, ბეირუთში, ისრაელის ერთ-ერთი ავიადარტყმის ეპიცენტრში ისიც იმყოფებოდა, მაგრამ გადარჩა. ჯერჯერობით უცნობია, ის ნასრალასთან ერთად იყო შტაბში თუ საჰაერო თავდასხმის სხვა სამიზნე ობიექტზე იმყოფებოდა. საფიდდინი ჰასან ნასრალას ბიძაშვილია.





