რატომ დადიოდა არტურ კონან დოილი თავისი მაგიდა-საკვოიაჟით, რატომ ალპობდა შილერი ვაშლებს და რა მავნე ჩვევა ჰქონდა კარლ მარქსს?

ფოტო: Twitter
ცნობილია, რომ ჩვენს ყოველდღიურ ქცევას ჩვენივე ჩვევები აყალიბებს. სტრესულ სიტუაციებში სწორედ ეს ჩვევები უზრუნველყოფენ იმას, რომ ახალი გადაწყვეტილებები კი არ ვეძებოთ, არამედ ქცევის არსებული მოდელები გავიხსენოთ. შესაბამისად, ტვინი სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას გვიქმნის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შემოქმედებითი მიმართულებით მოღვაწეობენ. როგორც ცნობილია, ამა თუ იმ კონკრეტული ჩვევით ცნობილი მწერლებიც გამოირჩეოდნენ. ალექს ჯონსონი თავის ახალ წიგნში, რომლის სახელწოდებაც არის „მწერლების სამყარო“, მსოფლიო ლიტერატურაში უჩვეულო მოგზაურობას გვთავაზობს. ის საუბრობს დიდი მწერლების უცნაურ რიტუალებსა თუ თვისებებზე.
არტურ კონან დოილი და მისი მაგიდა-საკვოიაჟი
შოტლანდიელი მწერალი და ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმსის შემქმნელი, სერ არტურ კონან დოილი თავისი მრავალრიცხოვანი მსოფლიო ტურნეს დროსაც (ის სპირიტუალიზმის შესახებ ლექციებს კითხულობდა) აქტიურად მუშაობდა. სწორედ ამიტომ, 1925 წელს, მან ექსკლუზიური ტყავის ნაწარმის პარიზულ მაღაზია "Goyard"-ში საკუთარი დიზაინით მაგიდა- საკვოიაჟი შეუკვეთა. ეს უკანასკნელი დაკეცვისას ელეგანტურ საგარდერობე ზარდახშას ჰგავდა. თუმცა გახსნის შემთხვევაში, ის გადაიქცეოდა პატარა საწერ მაგიდად, რომელსაც ჰქონდა წიგნის თარო, საბეჭდი მანქანა და უჯრები.
მოგზაურობებს შორის შუალედში, კონან დოილი თავის ლონდონურ კაბინეტში წერდა. „თუ წიგნზე მუშაობა მიპყრობს, სიამოვნებით ვუთმობ მას მთელ დღეს. ამ პროცესს მხოლოდ მაშინ ვწყვეტ, როდესაც სასეირნოდ მივდივარ ან სადილის შემდეგ ვისვენებ“, - განაცხადა მწერალმა 1924 წელს.
ვირჯინია ვულფი და ბაღის სახლი
"იმისთვის, რომ წეროს, ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფული და ოთახი",- ეს სიტყვები ვირჯინია ვულფს ეკუთვნის. 1929 წლით დათარიღებულ ესეში „საკუთარი ოთახი“, ის განმარტავს, თუ რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განმარტოება შემოქმედებითი ქალებისთვის. მას შემდეგ, რაც მისი რომანი „ორლანდო“ ბესტსელერი გახდა, ვულფმა შეძლო სწორედ ასეთი სივრცის შექმნა „მონკს ჰაუსში“, რომელიც აღმოსავლეთ სასექსში მდებარე მე-18 საუკუნის პატარა სასახლე იყო. ამ ნაგებობას ჰქონდა ერთგვარი მიშენება, რომელიც თავდაპირველად ვულფის პირადი კაბინეტის ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ კი იქცა მის საძინებლად, სადაც მწერალს შეეძლო შემოქმედებით პროცესში ჩაფლულიყო. აქ ერთადერთი დაბრკოლება იყო მისი ქმარი ლეონარდი, რომელიც სხვენში ახლად დაკრეფილ ვაშლებს არჩევდა.
მკაცრი ყოველდღიური რუტინის დაცვით, ვულფი წერდა მელნიანი კალმით თხელ საწერ დაფაზე, რომელიც მას კალთაში ედო. შემდეგ კი მწერალი თავის ტექსტებს სამუშაო მაგიდასთან, საბეჭდ მანქანაზე კრეფდა. თავის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს ვულფი მეგობრის, ეტელ სმიტისადმი მიწერილ წერილში ასე აღწერს: „ჯერ წითელ ვარდს ვყნოსავ..., ვეწევი სიგარეტს, ჩემს საწერ დაფას ვიდებ მუხლებზე და ვეშვები იმ ბოლო წინდადებაში, რომელიც გუშინ დავწერე“.
ერნესტ ჰემინგუეი და მისი უჩვეულო ინტერიერი
ერნესტ ჰემინგუეის უყვარდა სანადირო აღჭურვილობისა და ნადავლის გარემოცვაში ყოფნა. საძინებლის კედელზე ქურციკის თავი ეკიდა, კარადაზე კი - ლეოპარდის ტყავი. წიგნის თაროებისა და სხვა ნივთების გარდა, მის კაბინეტში საწერი მაგიდა იდგა. თუმცა, მწერლის ბიოგრაფის, აარონ ჰოჩნერის თქმით, ჰემინგუეის სამუშაო მაგიდა უფრო ჰგავდა თაროს, სადაც იდო „ამონარიდები გაზეთებიდან, მტაცებელი ცხოველების კბილები პატარა ტომსიკით, ხისგან დამზადებული ცხოველების ფიგურები, პლუშის ლომი და თოფის ტყვია-წამალი“.
ჰემინგუეი მუშაობას გამთენიისას იწყებდა. ამ დროს მას ეცვა კომფორტული მოკასინები, მაგიდაზე კი ანტილოპის ტყავი იყო გადაკრული. ჰემინგუეი წერას ფანქრით იწყებდა და ზოგჯერ მას დღეში შვიდი ცალი ფანქარი სჭირდებოდა. მოგვიანებით კი მუშაობას საბეჭდ მანქანასთან აგრძელებდა. ჰემინგუეი აწარმოებდა ცხრილს, რომელშიც აღნიშნავდა სამუშაო დღის ნორმის შესრულებას, რაც 500-დან 2000 სიტყვამდე მერყეობდა. შუადღისას მწერალი სასეირნოდ მიდიოდა, აუზში ბანაობდა ან ალკოჰოლის პირველ ჭიქას სვამდა. სხვათა შორის, ღვინისა და სხვა ძლიერი სასმელების მიმართ მისი თითქმის ლეგენდარული სიყვარულის მიუხედავად, მწერალი მუშაობის პროცესში არასდროს სვამდა.
გერმანელი კლასიკოსის ახირება
ფრიდრიხ შილერს ვაშლი უყვარდა. ეს ერთი შეხედვით სასარგებლო ჩვევაა. თუმცა პოეტი ვაშლს კი არ ჭამდა, არამედ - ალპობდა. შილერის კაბინეტში ყველგან დამპალი ვაშლები იდო, განსაკუთრებით კი - მაგიდის უჯრებში. გერმანელი მწერლის, ი.პ. ეკერმანის წიგნში - "საუბრები გოეთესთან სიცოცხლის ბოლო წლებში", ვკითხულობ პოეტის მოგონებებს იმის შესახებ, რომ ერთხელ შილერთან სტუმრობისას, ის ამ სპეციფიკური არომატისგან ცუდად გახდა. თუმცა თავად შილერს ეს სუნი სიამოვნებდა და მას შთაგონების წყაროდ იყენებდა. პოეტის ცოლმა შარლოტამ გოეთეს უამბო, რომ „მაგიდის უჯრები ყოველთვის დამპალი ვაშლებით არის სავსე, რადგან მათ გარეშე შილერს ცხოვრება და მუშაობა არ შეუძლია “.
მოწევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა!
ყველა გენიოსის ჩვევა ასეთი უვნებელი არ ყოფილა. გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი როდესაც საღამოს, ბრიტანეთის მუზეუმის სამკითხველო დარბაზიდან თავის ლონდონურ ბინაში ბრუნდებოდა, მოწევას იწყებდა. მის მიერ მოწეული სიგარების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ კანზე ფურუნკულები გაუჩნდა. მისი ბიოგრაფის - ფრანც მეჰრინგის თქმით, უკვე სტუდენტობის წლებში მარქსი ორთქლმავალივით აბოლებდა. მარქსიზმის ფუძემდებელმა მეგობრის, ექიმ ლუდვიგ კუგელმანისადმი მიწერილ წერილში 1864 წლის ბოლოს პირველად დაიჩივლა, რომ მას წელიწადზე მეტია „წყლულების“ რეციდივი აწუხებდა. ამის მიზეზი, ექსპერტების აზრით, სწორედ მისი უზომო მოწევა იყო.





