რატომ აღარ დააფინანსებს სოროსის ფონდი ევროკავშირში მიმდინარე პროექტებს?

ფოტო: Facebook
ჯორჯ სოროსის ფონდმა „ღია საზოგადოება“, რომელიც გამოყოფს მილიარდებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, დამოუკიდებელი მედიისა და არასახელმწიფო ინსტიტუციების მხარდასაჭერად, გადაწყვიტა, ევროკავშირში მოქმედი პროგრამები შეზღუდოს. რატომ? – BBC-მ გაარკვია.
რა ხდება?
93 წლის ჯორჯ სოროსმა თავისი ფონდების ფინანსების მართვა ახლახან შვილს - ალექსანდრეს გადასცა. ამ უკანასკნელმა 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გლობალური ფილანტროპული გიგანტის რესტრუქტურიზაცია დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „ღია საზოგადოება“ თითქმის მთლიანად შეწყვეტს პროექტების დაფინანსებას ევროკავშირის 27 ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 450 მილიონს შეადგენს. თუმცა, როგორც შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით მასმედია იუწყება, ფონდი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ევროპის პერიფერიებში გააგრძელებს. „ახალი სტრატეგია ევროკავშირში მიმდინარე პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილის შეწყვეტასა და მსოფლიოს სხვა წერტილებზე ფოკუსირებას ითვალისწინებს. ჩვენ თითქმის მთლიანად შევწყვეტთ პროექტების დაფინანსებას ევროკავშირში“ - ციტირებენ Bloomberg-ი და Reuters-ი ფონდებს შორის მიმდინარე შიდა მიმოწერას.
ევროკავშირში ისედაც ყველაფერი რიგზეა დემოკრატიის დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით - გადაწყვიტა სოროსის ფონდის ახალმა ხელმძღვანელობამ. თუმცა პირობა დადო, რომ არ დაივიწყებს დანარჩენ ევროპასა და მის შემოგარენს. „ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ხალხის წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მხარდაჭერას რეგიონში, განსაკუთრებით - უკრაინაში, მოლდოვაში, ყირგიზეთსა და ბალკანეთში, ჩვენი ფონდის ქსელის მეშვეობით”, - ციტირებს მედია სოროსის ფონდის წარმომადგენელს. კონკრეტულად როგორი იქნება ახალი საგრანტო სტრუქტურა, რამდენიმე თვეში გაირკვევა. როდესაც ეს ინფორმაცია ივლისის შუა რიცხვებში გავრცელდა, სოროსის საქმის გამგრძელებლებმა პირობა დადეს, რომ მიმდინარე პროექტები დასრულდება, მაგრამ ახალი 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე თითქმის არ დაიწყება.
სოროსი და ევროპა
სოროსისთვის, რომელიც უნგრეთში დაიბადა და განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო, ევროპა თავიდანვე მისი საქველმოქმედო საქმიანობის ცენტრად იქცა. მან თავისი ცხოვრებისა და ქონების უმეტესი ნაწილი სწორედ რეაბილიტაციაზე დახარჯა და ძნელია ევროპაში ისეთი ავტორიტარული მმართველის პოვნა, რომელიც 20-წლიანი მმართველობის შემდეგ სოროსს თავისი მტრების დაფინანსებაში არ დაადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოროსს სომხეთის ნამდვილი მეთაური უწოდა. ვლადიმერ პუტინი კი აცხადებდა, რომ „სოროსი ყველგან და ყველაფერში ერევა“. რუსეთში „ღია საზოგადოება“ არასასურველი ორგანიზაციების შავ სიაშია შეყვანილი. თურქეთის მმართველმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოროსი ოპოზიციის საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და „ერების დაყოფასა და სახელმწიფოების დაშლაში“ დაადანაშაულა. უნგრეთში კი, სოროსის ისტორიულ სამშობლოში, პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ზამბარები ისე დაჭიმა, რომ 2018 წელს „ღია საზოგადოების“ ევროპული შტაბი ბუდაპეშტიდან ბერლინში გადაიტანეს. 1984 წლიდან სოროსმა 32 მილიარდ დოლარზე მეტი გასცა. მან 100 მილიონი დოლარი გამოყო სკოლამდელი განათლების მხარდასაჭერად 15 პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, 200 მილიონი დოლარი კი - ყოფილ სსრკ-ში მეცნიერებისა და კვლევითი სამუშაოების მხარდასაჭერად.
რესტრუქტურიზაციის შემდეგ, სოროსის ფონდი ნაციონალურ პროექტებზე უარს იტყვის და ფოკუსირდება იმ პრობლემებზე, რომლებსაც საზღვრები არ აქვთ. დემოკრატიის გარდა, სოროსი აქამდე ყველაზე ახლოს იყო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასთან, დამოუკიდებელ მედიასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, ნარკომანიის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის პრევენციასა და მკურნალობასთან, კლიმატის ცვლილებასა და კანონის უზენაესობასთან. ამ მიმართულებით მიმდინარე გრანტები გაგრძელდება - ამტკიცებს სოროსის მემკვიდრე. ”ჩვენ ვიმუშავებთ ახლებურად, მაგრამ ჩემი ოჯახი და „ღია საზოგადოების“ ფონდები ყოველთვის მხარს უჭერდნენ და მტკიცედ რჩებიან ევროპულ პროექტებში”, - ციტირებენ მედია საშუალებები ალექსანდრე სოროსს.





