რამდენად ზუსტია ამინდის პროგნოზი და რას წარმოადგენს ახალი თაობის მეტეოთანამგზავრი?

ფოტო: shutterstock.com
წელს ევროპაში უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იყო. შესაბამისად, გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებაზე საუბარი ისევ აქტიურ ფაზაში შევიდა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ექსტრემალური მოვლენები სულ უფრო გახშირდება. სწორედ ამის დასტურია ის ხანძრები, რომელთაც წლევანდელ ზაფხულს თითქმის მთელი ევროპა მოიცვეს. როგორც Deutsche Welle წერს, მეტეოთანამგზავრების ახალი თაობაა საჭირო, რათა კაცობრიობას ბუნებრივი კატასტროფების უფრო ზუსტი პროგნოზის შესაძლებლობა ჰქონდეს.
რა ხდება?
როგორი ამინდი იქნება ხვალ და რატომ აღმოჩნდა დღევანდელი პროგნოზი არაზუსტი? - სვამს კითხვას Deutsche Welle და თავადვე სცემს პასუხს: ამინდის პროგნოზს შეიძლება ჰქონდეს ფრიად არასასურველი შედეგები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ძლიერ სტიქიურ მოვლენას. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ „ამინდის პროგნოზირება უზარმაზარი, დაუფასებელი სამეცნიერო მიღწევაა“, - ხაზს უსვამს ფილ ევანსი, ევროპის მეტეოროლოგიური თანამგზავრული ორგანიზაცია EUMETSAT-ის აღმასრულებელი დირექტორი. აღნიშნული ორგანიზაცია ამინდსა და კლიმატს კოსმოსიდან აკვირდება.
ამინდის პროგნოზი არის "ქაოტური სისტემა, რადგან ნებისმიერ ცვლილებას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა მოხდება მომდევნო სამი, ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში", - განმარტავს ფილ ევანსი. აღნიშნული გამოთვლები მოიცავს ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა ტენიანობა, ტემპერატურა, ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, ქარის მიმართულება და სიჩქარე. როგორც წესი, მეცნიერები ამ მონაცემებს იღებენ სხვადასხვა წყაროდან - მეტეოზონდებიდან, თვითმფრინავებიდან და გემებიდან, საზომი აპარატურიდან, მეტეოროლოგიური სარადარო სადგურებიდან, მეტეოსადგურებიდან, ავტომატური სახმელეთო სადგურებიდან და თანამგზავრებიდან.
ევანსის თქმით, ეს არის თანამგზავრები, რომლებიც გვაწვდიან მონაცემებს მსოფლიოს ისეთი რეგიონებიდან, რომლებზეც წვდომა განსაკუთრებით რთულია (იქნება ეს უდაბნო, ჯუნგლები თუ ოკეანეების ზედაპირი). სატელიტები კი თითქმის სრული მონიტორინგის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ 1977 წლიდან ევროპას აქვს საკუთარი გეოსტაციონარული მეტეოროლოგიური თანამგზავრები, სახელწოდებით - Meteosat-ი. ისინი დედამიწას დაახლოებით 36 ათასი კილომეტრის სიმაღლიდან აკვირდებიან.
ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირება რთულია
ამინდის რეგულარული პროგნოზი 14 დღით ადრე გამოითვლება. ”თუმცა ათი დღე უფრო რეალურია”, - ხაზს უსვამს ევანსი. მისი თქმით, პროგნოზის სიზუსტე ყოველ მომდევნო დღეს იზრდება. 24-საათიანი პროგნოზი 90%-ით ზუსტია, 3 -დღიანი პროგნოზი კი- 75 %-ზე ოდნავ მეტით. თუმცა როდესაც ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენაზე ვსაუბრობთ, პროგნოზი ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, თითქმის შეუძლებელია აშშ-ში ტორნადოს ან ევროპაში ძლიერი ჭექა-ქუხილის პროგნოზირება. „არახელსაყრელი ამინდის პროგნოზირება ხშირად შესაძლებელია მხოლოდ 6-12 საათით ადრე“, - ამბობს ექსპერტი. თუმცა ხშირად გამოიყენება ე.წ. "ფაქტობრივი პროგნოზი", როდესაც თანამგზავრის მონაცემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ახალი თაობის თანამგზავრები
ამინდის უფრო ზუსტი პროგნოზების დიდ იმედებს მეცნიერები ამყარებენ თანამგზავრების ახალ თანავარსკვლავედზე: მესამე თაობის Meteosat-ზე (MTG 3rd Generation), რომელმაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი წინამორბედები უნდა შეცვალოს. საერთო ჯამში, ორბიტაზე გაიშვება ექვსი ახალი MTG თანამგზავრი, რომელთაგან პირველი - სახელწოდებით MTG-I1, უკვე 2022 წლის 13 დეკემბრიდან აქტიურ რეჟიმშია. მის მიერ დაფიქსირებული პირველი სურათი 2023 წლის მარტში გამოქვეყნდა. სწორედ ამით აღინიშნა მეტეოროლოგიური თანამგზავრების ახალი თაობის გამოჩენა.
ახალი MTG თანამგზავრებით ატმოსფეროში, დედამიწის ზედაპირზე და ოკეანეებში მიმდინარე ცვლილებების თვალყურის დევნება კიდევ უფრო ზუსტად არის შესაძლებელი. მათი მონაცემებით, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შესაძლებელი იქნება ქარიშხლის მთელი ციკლის თვალყურის დევნება. MTG მისია ძლიერი შტორმისა და ჭექა-ქუხილის პროგნოზირებაზეა ფოკუსირებული. ჭექა-ქუხილის ამოცნობა უფრო ნათლად შეიძლება, ახალი სატელიტური მონაცემების გამოყენებით კი, შესაძლებელია მათი ხანგრძლივობის უკეთ შეფასება. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავიამიმოსვლისთვის, რადგან თვითმფრინავისთვის ძლიერი ჭექა-ქუხილი საშიშია. სატელიტური მონაცემების დახმარებით, პილოტებს საშუალება აქვთ, ჭექა-ქუხილის ლოკაციას ადრეულ ეტაპზე გვერდი აუარონ. ევანსი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატლანტის ოკეანის თავზე ფრენისას, რადგან იქ ძალიან გადატვირთული საჰაერო მოძრაობაა.
ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ქარიშხლების პროგნოზი უფრო ზუსტი გახდება
უკვე მომავალ წელს, ყოველდღიური პროგნოზის გასაკეთებლად, მეტეოროლოგიური სამსახურები ამ მონაცემების გამოყენებას შეძლებენ. ძლიერი ჭექა-ქუხილის დაწყებამდე, ხშირად ელვის აქტივობა დრამატულად იცვლება. გარდა ამისა, ბორტზე არსებული მონაცემები მუშავდება სპეციალური ალგორითმებით, რომელთა წყალობითაც მხოლოდ შესაბამისი ინფორმაცია გადაიცემა ადგილზე. ამასთანავე, მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გაფრთხილებები და მოკლევადიანი პროგნოზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ბუნებრივია, ახალი თაობის სატელიტური ტექნოლოგია ადამიანთა სიცოცხლესაც გადაარჩენს.





