რამდენად ძლიერია „ვაგნერის“ დაჯგუფება და აპირებს თუ არა პრიგოჟინი პუტინის ჩანაცვლებას?

ფოტო: РИА Новости
რუსეთ-უკრაინის ომში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ განსაკუთრებულ როლსა და მისი დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის გავლენის გაძლიერებაზე დასავლურ მედიაში აქტიურად საუბრობენ. აღნიშნული თემის დეტალები Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, სოლედარის მახლობლად მიმდინარე დაძაბულ საბრძოლო მოქმედებებში რუსული „ვაგნერის“ ქვედანაყოფები აქტიურად მონაწილეობენ. იმავდროულად, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ცდილობს, „ვაგნერს“ უკრაინაში წარმატების მიღწევის ერთადერთი ძალის რეპუტაცია შეუქმნას.
რეალურად ვის ინტერესებში მოქმედებს პრიგოჟინი, რომელსაც ბევრი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევს? და მართალია თუ არა, რომ „ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, პრიგოჟინი კი - პირადად რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ეჯიბრება? აღნიშნულ საკითხებზე DW პროექტ „მჯდომარე რუსეთის“ ხელმძღვანელს - ოლგა რომანოვას, რუს პოლიტიკოსსა და ფსიქოლოგს - ლეონიდ გოზმანსა და წლების განმავლობაში გერმანული ტელეარხების - n-tv-სა და RTL-ის კორესპონდენტს რუსეთში - დირკ ემერიხს ესაუბრა.
რა არის ცნობილი უკრაინაში მებრძოლი დაქირავებული ვაგნერელების შეწყალების შესახებ?
ოლგა რომანოვას თქმით, "პირველი შერჩევითი ჯგუფის დაქირავებული ჯარისკაცებიდან", რომლებიც ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში ლენინგრადის სამ ციხესა და ნოვგოროდის ოლქის სასჯელაღსრულების 2 დაწესებულებაში „დაავერბოვკეს“ (დაახლოებით 1000 პატიმარი), უკრაინის ომიდან მხოლოდ 20 მათგანი დაბრუნდა და ისიც - "მცირე ხნით". „მათ კონტრაქტში უწერიათ, რომ ფრონტზე 45 დღის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ. ამასთანავე, ამ ადამიანებს გარკვეული ტიპის შეწყალების მოწმობა აქვთ. აღნიშნული დოკუმენტის განმარტებისას, პრიგოჟინი თავადვე იბნევა, რადგან პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების შესახებ არ არსებობს. თუმცა შესაძლოა, არსებობს კიდეც საიდუმლო განკარგულება შეწყალების შესახებ, მაგრამ ეს არის საიდუმლო ყველასთვის. მათ შორის არიან თავად მონაწილეები, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური თუ სასამართლო", - ამბობს ოლგა რომანოვა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 40 000 პატიმარი დაიქირავეს. ვაგნერელების ნათესავებთან კომუნიკაციის წყალობით, რომანოვას აქვს ინფორმაცია, რომ "შეწყალების მოწმობები“ ზონაში ნამდვილად მივიდა. თუმცა მას ეჭვი ეპარება, რომ 40 000 პატიმრისთვის განკუთვნილ ასეთ "დოკუმენტებს" ხელი პირადად პუტინმა მოაწერა. რომანოვას თქმით, ომში მონაწილეობის მისაღებად დაქირავებული რუსეთის ციხეების პატიმრები "დღეს ვაგნერის საფუძველს წარმოადგენენ". ამავდროულად, „ვაგნერის ძველი შემადგენლობა“ მეთაურისა და ზედამხედველის როლს ასრულებს. მათი ამოცანაა „ამ უზარმაზარ არმიას თვალყური ადევნონ“. ოლგა რომანოვა ხაზს უსვამს, რომ „ზონებში მობილიზაცია აუცილებლად გამოცხადდება“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ციხეების პატიმრები, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ მსჯავრდებული, უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ საზოგადოებას უბრუნდებიან. ლეონიდ გოზმანი ხაზს უსვამს, რომ ეს მას არ უკვირს. „როგორც ამბობენ, ეს ჩვენთან ტრენდულია. ჩვენ კრიმინალური მენტალიტეტი და ციხის კულტურა გვაქვს. ციხის ენით არის გაჯერებული საზოგადოების არა მარტო დაბალი სოციალური ფენა, არამედ - ე.წ. ელიტაც. გუბერნატორები და დეპუტატები კრიმინალური ლექსიკით საუბრობენ. ბანდიტების მენტალიტეტი ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი გაერთიანება. კრიმინალური ხელისუფლების დანაშაულებრივი გეგმების განსახორციელებლად სწორედ კრიმინალებს იყენებენ. ეს სავსებით ბუნებრივია“, - განმარტავს ის.
დაიკავებს თუ არა პუტინის ადგილს პრიგოჟინი?
თუ რატომ უწევს კონკურენციას „ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, გოზმანი ასე განმარტავს: „ჩემი აზრით, პრიგოჟინი, კადიროვი და რამდენიმე მსგავსი ადამიანი სულაც არ არიან enfants de la liberté (ფრანგ. „თავისუფლების შვილები“ - რედ.), რომლებიც პუტინის წინააღმდეგ აჯანყდებიან და თავს უფლებას მისცემენ, რამე საპირისპირო თქვან. მსგავსი არაფერი. ჩემი აზრით, პუტინი ივანე მრისხანის გზას მიჰყვება. როცა ეს უკანასკნელი თავისი სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობით იმედგაცრუებული იყო, გადაწყვიტა შეექმნა პარალელური სახელმწიფო და მას „ოპრიჩნინა“ დაარქვა. „ოპრიჩნინაში“კანონები საერთოდ არ არსებობდა და „ოპრიჩნიკები“ იყვნენ ტერორისტები, რომლებსაც შეეძლოთ გაეკეთებინათ ყველაფერი, რისი უფლებაც სხვებს არ ჰქონდათ. პრიგოჟინსაც და კადიროვსაც განსაკუთრებული მისია აქვთ და მათი პირით პუტინი თავის გენერლებს ეუბნება: თუ ცუდად მოიქცევით, თქვენი შემცვლელი უკვე მყავს“, - ამბობს რუსი პოლიტიკოსი და ფსიქოლოგი ლეონიდ გოზმანი.
იმავდროულად, გოზმანის თქმით, პრიგოჟინი პუტინის ადგილს ვერ დაიკავებს. „ის ბანდიტია და ბანდიტს ჭირდება, რომ ძარცვის ობიექტი ყოველთვის ჰყავდეს. თუ ის გახდება სახელმწიფოს მეთაური, რა იქნება? დაქვემდებარებული ადამიანებისთვის რაღაცის გაზიარება აუცილებელი გახდება. მეორე მიზეზი, რომელიც გამორიცხავს მოვლენების ამგვარ განვითარებას, გოზმანის აზრით, არის ის, რომ "მთავარი ავტოკრატი" უნდა იყოს მიღებული და პატივიცემული თავისი გუნდის მიერ, პრიგოჟინს კი პატივს არ სცემენ, "მას ძალიან ცუდად ექცევიან და ის აბსოლუტურად იზოლირებულია".
რას აკეთებდა „ვაგნერი“ 2016 წელს სირიაში?
გერმანელი ჟურნალისტი დირკ ემერიხი რამდენჯერმე იმყოფებოდა სირიაში, მათ შორის - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიწვევით და მან პირადად ნახა რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები ალეპოსა და დამასკოს შემოგარენში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, 2016 წელს, იმ სასტუმროს ფოიეში, სადაც ის ცხოვრობდა, ემერიხმა დაინახა დიმიტრი უტკინი, რომელმაც, სავარაუდოდ, პრიგოჟინთან ერთად შექმნა „ვაგნერი“. "მას ეცვა ფორმა. რაც ჩემთვის საშინელი და გასაკვირი იყო, ერთხელ მკერდზე მას ჰქონდა წარწერა - SS. ეს არის გერმანული SS-ის ნიშანი, რომელიც ჩვენთვის გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქიდან არის ცნობილი“, - იხსენებს გერმანელი ჟურნალისტი DW-სთან საუბარში.
დირკ ემერიხის თქმით, ახლა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ შეიცვალა: "2016 წელს, სირიაში, ისინი ფარულად, ძალიან კონკრეტული მიზნით და ძალიან ჩუმად მოქმედებდნენ. არავინ იცოდა, არსებობდნენ თუ არა. ახლა, უკრაინის ომში მყოფი „ვაგნერი“ სულ სხვა საქმეა, რადგან ისინი ბევრად მეტნი არიან და ისინი რუსეთის ჯარს არ ეხმარებიან. ეს არის ერთგვარი პარალელური არმია, რადგან თავად რუსული ჯარი უბრალოდ ვერ უმკლავდება“, - ამბობს დირკ ემერიხი.





