რა მოხდება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ?

ფოტო: shutterstock.com
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ისტორია მთავრდება, - ასე აფასებენ შექმნილ სიტუაციას Deutsche Welle -ს მიერ გამოკითხული ექსპერტები. ამავე დროს, ისინი ხედავენ როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის გაჩაღების რისკს, ასევე - ერევნის შანსს, რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს.
რა ხდება?
„ეს არის ისტორიული მომენტი“, განუცხადა DW-ს ბერლინელმა ჟურნალისტმა და საინფორმაციო პორტალ Tageschau.de-ს სამხრეთ კავკასიის ექსპერტმა, სილვია შტობერმა. მისი თქმით, 21 სექტემბერს, აზერბაიჯანის ევლახში დაგეგმილი ბაქოსა და არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ (სომხური სახელწოდება არცახი - რედ.) წარმომადგენლების შეხვედრა 30 წელზე მეტი ხნის ისტორიის დასასრულს ნიშნავს. კაპიტულაცია? ”დიახ”, - ამბობს შტობერი.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განახლება. 19 სექტემბერს, სამშაბათს დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს აზერბაიჯანმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" უწოდა. უკვე ოთხშაბათს, ბაქომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და დასძინა, რომ ყარაბაღის სამხედრო ფორმირებების განიარაღების გარანტია მიიღო. ბაქო აპირებს, აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანის ტერიტორიის საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილია. რა პირობებით და როგორ გადაწყდება ეს თემა, ჯერჯერობით უცნობია.
ყარაბაღი ბაქოს კონტროლქვეშ ბრუნდება
აზერბაიჯანელი ექსპერტები ბაქოს „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მიზეზად ასახელებენ უკმაყოფილებას, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე მოხდა. „ბაქოს პოზიციაა, რომ ვინაიდან ეს არის აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია, იქ აზერბაიჯანული ჯარების გარდა, არ შეიძლება სხვა შეიარაღებული ძალები იყოს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა ფუად შაჰბაზოვმა DW-სთან ინტერვიუში.
მაგრამ როგორი იქნება გაგრძელება? "ერთადერთი სცენარი არის ყარაბაღის სრული გადასვლა აზერბაიჯანის კონტროლქვეშ", - განუცხადა DW-ს ბარსელონას პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის პროფესორმა რუბენ ენიკოპოლოვმა. "ეს დასრულდება იმით, რომ იქ სომხური არაფერი დარჩება. ის ან სომხეთის ტერიტორიაზე იქნება ევაკუირებული ან აზერბაიჯანის ციხეებში მოხვდება“ - ამბობს მეცნიერი. ენიკოპოლოვი იმედოვნებს, რომ ეთნიკურ წმენდას თავიდან აიცილებენ და რეგიონიდან სომხური მოსახლეობის "იძულებით ევაკუაციას" პროგნოზირებს. ის არსებულ მდგომარეობას ადარებს იმას, რაც „თურქეთმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ბერძნებს (და არა სომხებს) გაუკეთა“.
რამდენად მაღალია ეთნიკური წმენდის რისკი?
სილვია შტობერმა მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის რისკს "ძალიან მაღალი" უწოდა. მისი აზრით, სიტუაციის განვითარება აზერბაიჯანელი ჯარისკაცების განწყობაზე იქნება დამოკიდებული. შტობერი იმედოვნებს, რომ უარესი სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება. თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ სიტუაცია „შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“. ფრთხილი ოპტიმიზმის მიზეზად ექსპერტს მოჰყავს ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც შეიძლება აზერბაიჯანის იმიჯზე აისახოს.
რამ განაპირობა მოვლენების ასე განვითარება და რა როლი შეასრულა ან არ შეასრულა ამ სიტუაციაში რუსეთმა, რომლის სამშვიდობოებიც 2020 წლის ომის შემდეგ რეგიონში იმყოფებიან? მომხდარის მიზეზებს შორის შტობერი ასახელებს რუსეთის უკმაყოფილებას არა მხოლოდ სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, არამედ - მისი წინამორბედების ქმედებებით. გერმანელი ექსპერტის აზრით, „სომხეთი შეცდა“, კომპრომისზე 2020 წლის ომამდე რომ არ წავიდა. შტობერმა ეს დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მთიანი ყარაბაღი დიდი ხანი აუღებელ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა, მაგრამ ახალმა სამხედრო ტექნოლოგიებმა, მათ შორის - თვითმფრინავებმა, ძალთა ბალანსი ბაქოს სასარგებლოდ შეცვალა.
დაიწყება თუ არა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი?
„ტერიტორიებთან დაკავშირებით კომპრომისის უფრო გონივრული შეთავაზების მცდელობა ამ დრომდე არ ყოფილა“, - დასძენს რუბენ ენიკოპოლოვი. მისი განმარტებით, "იყო ვა-ბანკის მცდელობა, რომელიც ვერ შედგა". ენიკოპოლოვი სხვა მიზეზსაც ასახელებს. ეს არის „რუსეთისა და თურქეთის ძალიან ძლიერი დაახლოება“, რომლებიც რეგიონში „გავლენის სფეროებს“ ახლებურად ანაწილებენ. შტობერიც და ენიკოპოლოვიც რეგიონში ახალი ომის საშიშროებას ხედავენ. ამჯერად საუბარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტზე. მისი მიზანი იქნება ნახიჭევანში ბაქოს დერეფნის მოპოვება, რომელიც თურქეთსა და სომხეთს შორის აზერბაიჯანის ექსკლავშია. სილვია შტობერი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებებს იმ კონტექსტში განმარტავს, რომ ის შეიძლება ამაზე წავიდეს, თუმცა მსგავს სცენარს „ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ“ მიიჩნევს.
თავად ალიევმა სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არსებობა უარყო. თუმცა თუ ომი მართლაც დაიწყება, ალიევს ვერავინ შეაჩერებს და თურქეთსაც კი გაუჭირდება ამის გაკეთება, - გვაფრთხილებს გერმანელი ექსპერტი. შტობერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ სიტუაციაში „ალიევი უფრო ძლიერად გამოიყურება“, ვიდრე - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სიტუაციას ანალოგიურად აფასებს ანალიტიკური ცენტრის - International Crisis Group-ის ექსპერტი ზაურ შირიევი. მისი თქმით, „ბაქომ უკვე დააფიქსირა, რომ არ სურს, თავისი გეგმები გარე მოთამაშეების გავლენით შეცვალოს. თუნდაც ეს იყოს მისი მოკავშირე თურქეთი“.
შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, რჩება თუ არა რუსეთი სომხეთის სავაჭრო პარტნიორად?
რუბენ ენიკოპოლოვის აზრით, რუსეთი ყარაბაღში „არანაირ როლს არ ასრულებს“. სილვია შტობერის პროგნოზით, კრემლის ჯარებმა შეიძლება ყარაბაღი საერთოდ დატოვონ. სომხურ გიუმრიში რუსული ბაზის ბედი მომავალში უცნობია. თუმცა სომხეთში მოსკოვის გავლენა მაინც დარჩება და პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკური მიმართულებით. რუსეთი არ დატოვებს სომხეთს, ის ერევნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, - ამბობს ენიკოპოლოვი. მისი აზრით, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობას აღარ შეიძლება ეწოდოს „მეგობრული, ძმური ქვეყნების ურთიერთობა“, მაგრამ საქმიანი კავშირები დარჩება. „ჩვენ გვჭირდება ვაჭრობა, მაგრამ სიყვარული დასრულდა“,- ამბობს ის.
სილვია შტობერის აზრით, ერთი მხრივ, არსებული ვითარება სომხეთისთვის რთული გამოცდაა. თუმცა მეორე მხრივ, ის ასევე შეიძლება იყოს ერევნისთვის სტაბილიზაციისა და "რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების შანსი". შტობერის თქმით, ამის შემდეგ სომხეთის თანამშრომლობა ევროკავშირსა და რეგიონის ქვეყნებთან გაფართოვდება. რუბენ ენიკოპოლოვი დასძენს, რომ ეს შეიძლება ირონიულადაც ჟღერდეს, მაგრამ ირანი უკვე გახდა სომხეთის თითქმის ყველაზე საიმედო სავაჭრო პარტნიორი.





